
ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმენაში მორიგი საპროტესტო აქციისას ასობით ნიღბიანი მომიტინგე პოლიციას დაესხა თავს, დამწვარია სახლები და მანქანები. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქ ბელფასტიდან დაახლოებით 45 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქში სერიოზულ არეულობას ებრძვის და მოქალაქეებს მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.
პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა. აქციის პირველ დღეს დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს, რის შედეგადაც პოლიციის 15 ოფიცერი დაშავდა.
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია 29 წლის მამაკაცი. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საპატრულო პოლიციის ორი მანქანა.
საპროტესტო აქცია ბელფასტის მახლობლად მდებარე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე ორი მოზარდი ბიჭი წარდგა. ისინი რუმინულად საუბრობდნენ და თარჯიმნის დახმარებით ბრალდებას უარყოფდნენ.
0
0