
ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მოვლენით ქვეყნამ ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები დაიცვა.
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომელიც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით და ამ მოვლენამ მოახდინა ის, რომ ჩვენ დავიცავით ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანამ მოახერხა ყოველგვარი ესკალაციის საფრთხის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა. ამის უკან, ეს პროცესი, რაც წარმოებს პროკურატურის და საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ და ეს არ არის ახალი დაწყებული.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ცნობილი მუქარა გიორგი გახარიას და მისი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მალევე მოჰყვა გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა ბათუმში, რომელიც ჩასაფრებით, ჯგუფურად და შეიარაღებული ხალხის მიერ თვალთვალით განხორციელდა. ამ თავდასხმაზე ხუთი თვეა გამოძიება უმოქმედოა. გადამალულია მთავარი მტკიცებულება, ეს არის სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები და უმოქმედოა პროკურატურა. ამის შემდეგ იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდასხმა, კომისიაზე დაბარების საკითხი, სადაც ჩანდა, რომ სისხლის სამართლებრივი, პოლიტიკური დევნის საფუძვლები მზადდებოდა და ეს არის პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი, რომელიც კარგად აჩვენებს, ვინაა რეალური პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
საქართველოს პროკურატურაში 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე გამოძიება მიმდინარეობს.
0
0