
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის კაბინეტი უკვე დაცალა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობისთვის ემზადება.
როგორც ცნობილია, მთავრობის ახალ კაბინეტს ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, რომელიც უახლოეს ხანში კაბინეტის შემადგენლობასაც დაასახელებს.
არსებული ინფორმაციით, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მათ შორის რამდენიმე დეპუტატი მთავრობაში გადაინაცვლებს.
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
ცვლილებებია მოსალოდნელი საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციისა და კულტურის სამინისტროებშიც. არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს არჩილ თალაკვაძე ჩაიბარებს, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სავარაუდოდ, ბექა დავითულაინი უხელმძღვანელებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროში კვლავ დაბრუნდება.
საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი სამხარაძე მოიაზრება. კაბინეტს, სავარაუდოდ, დატოვებს მოქმედი ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ასევე, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს სუსის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმაც.
არსებული ინფორმაციით, კობახიძეს პრემიერის პოსტზე ოფიციალურად პირველ თებერვალს, ბიძინა ივანიშვილი პარტიის ყრილობაზე წარადგენს. ღარიბაშვილის 29 იანვარს გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.
რამდენიმე დღეში პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს და საკანონმდებლო ორგანოს 2-კვირიანი ვადა ექნება მთვარობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობებზე ერთმანეთს შეცვლიან.
0
0