
ჩინეთთან ვაჭრობის განვითარება ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანია იმის პარალელურად, რომ ვინარჩუნებთ და კიდევ უფრო მეტად ვავითარებთ დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობას და ჩართულობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია იმ დიდი ფუნქციის განვითარება, რაც გულისხმობს საქართველოს ყოფნას, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი დიდი სავაჭრო გზის მთავარ ნაწილად.
„რა თქმა უნდა, ამ ფუნქციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა, როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან – ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობა, რომელიც ამ სავაჭრო ინფრასტრუქტურას ქმნის. ამ მხრივ, საკმაოდ ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა გვაქვს და ამ ფუნქციას ვავითარებთ. ამის განვითარების განუყოფელი ნაწილია საბანკო სფეროს განვითარება, რათა იმ მოვაჭრეებსა და ბიზნესებს, რომლებიც სავაჭრო დერეფანში არიან ჩართული, მარტივად წვდომა უნდა ჰქონდეთ, როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან.
გარდა იმისა, რომ ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მათ საშუალება ექნებათ, უფრო მეტ სივრცეზე გავიდნენ, ეს დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან ქართულ ბაზარზე უფრო მეტ კონკურენციას გააჩენს.
ჩინეთთან ვაჭრობის განვითარება ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანია იმის პარალელურად, რომ ვინარჩუნებთ და კიდევ უფრო მეტად ვავითარებთ დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობას და ჩართულობას. ამის პარალელურად, ეს იქნება ჩინეთი, ცენტრალური აზიის თუ ყურის ქვეყნები, საბანკო სექტორში თანამშრომლობა გვექნება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი მსოფლიოში მეორე, ყველაზე მსხვილი ეკონომიკური მოთამაშეა და ივარაუდება, რომ პირველზე თუ არა, მეორეზე დარჩება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ საბანკო ურთიერთობის მნიშვნელოვანია.
ქართული ბაზარი ყველა მსხვილი მონაწილისთვის ღიაა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ისევ ჩვენი სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასავლურ ბიზნესთან ურთიერთობაა და ამ საკითხში არანაირი კითხვა არ არსებობს. ამ მჭიდრო ურთიერთობებს ვინარჩუნებთ და სადაც შესაძლებელი იქნება, დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობებს უფრო გავაღრმავებთ. ამავე დროს, იმის კვალდაკვალ, რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები ვითარდებიან, მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი ფინანსური მოთამაშეები ხდებიან, ლოგიკურია, რომ ეს ბიზნესი ჩვენი საზოგადოებისთვისაც იყოს ღია. ის შესაძლებლობა არ უნდა დავკარგოთ, რაც შეიძლება საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობებმა მოიტანოს. სხვათა შორის, ეს არის იმ სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი, რაც ჩინეთთან გვაქვს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0