
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა.
აგვისტოს ომის დეტალებთან დაკავშირებით, თეა წულუკიანმა, "რუსთავი 2"-ის ეთერში, რეზო ჭიჭინაძის საავტორო გადაცემაში, "ისტორია დეტალებში" ისაუბრა.
"ჩვენ დასკვნის წერისას, რაც ფაქტების მიხედვით, მსხვერპლთა შეფასებების საფუძველზე დავადგინეთ, იყო სწორედ ის, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა არამცთუ მიტოვებული იყო, მას რეგულარულად მიეწოდებოდა ტელევიზიის საშუალებით ცრუ ინფორმაცია, რაც ხელს უწყობდა, რომ ისინი მეტ-ნაკლებად მშვიდად ყოფილიყვნენ. იმდროინდელი ყველა სახელისუფლებო, გავლენიანი ტელეარხი, ღია ეთერში აწვდიდა მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს-ესაა აღადგინა ეფექტიანი კონტროლი ტერიტორიებზე, ყველაფერი არის კარგად და როდესაც მდგომარეობა მძიმდებოდა და ყველაფერი კარგად აღარ იყო, შემდეგ მათ ტელევიზიითვე ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მაინც იქნებოდა კარგად, ყველანაირი ძალისხმევა გაწეულიყო, ადამიანებს თავი თვითონვე დაეცვათ და საერთაშორისო თანამეგობრობა მათ მიეხმარებოდა. ბევრი ფაქტი მოწმობს ამ რეალობას.
ის პირები, ვინც ჩვენ დამატებით გამოვკითხეთ, ამბობენ იმას, რომ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი და მიზანი არ ჰქონდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა უბედურებისთვის გაერიდებინა. რასაკვირველია, ჩვენ, კომისიის წევრებს, გაგვიჩნდა კითხვა თუ რატომ, ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი გაგვცა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც იმ დროს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მან აბსოლუტურად დაუფარავად თქვა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაიწყებდა გამოყვანას ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის და მას გადაარჩენდა, გამოვიდოდა, რომ ჩვენ ომისთვის ვემზადებოდითო. ამიტომაც, ჩვენივე მოსახლეობა არ გამოვიყვანეთო. ასევე, კომისიაზე ყველა გამოკითხულმა პირმა ერთხმად თქვა, რომ არ არსებობდა არავითარი ევაკუაციის გეგმა.
არის გარკვეული ფაქტები და ინფორმაცია, რომელიც დასკვნაშია, მაგრამ არის, ასევე, ჩვენი განცდები. ჩემი პირადი განცდა, რომელიც ვერ მოხვდებოდა დასკვნაში, იმიტომ, რომ უბრალოდ განცდაა, არის ის, რომ შესაძლოა და არ არის გამორიცხული, "ნაციონალურ მოძრაობას" პირიქით აწყობდა უფრო მეტი სამოქალაქო მსხვერპლი, იმისთვის, რომ შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ეთქვა - ნახეთ რამდენი მსხვერპლი გვყავს, მე ვარ მართალი. ეს მათ დაეხმარებოდათ წაგებული ომის გამარჯვებად გაყიდვაში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა გადაცემაში "ისტორია დეტალებში."
ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 460-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზეც არის საუბარი.
0
0