საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ პეკინი „მკაცრად გმობს“ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ კომპანიაზე და მას „უაზროს“ უწოდებს.
„საქართველოში აშშ-ს საელჩოს მაღალი დონის დიპლომატის მტკიცებები, თითქოს „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში“ (CCCC) წილების უმრავლესობსა ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის უაზრო და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან“, - განაცხადა 21 ივნისს ჩინეთის საელჩომ.
საელჩოს პრეს-სპიკერის განცხადება საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, „ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებულ, სან-ფრანცისკოს ხედვას“.
„ჩინური მხარე ასევე წუხს იმის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პრეს-სპიკერმა.
აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ანაკლიის პორტის პროექტზე ჩინურ კომპანიასთან საქართველოს შეთანხმებას გამოეხმაურა და თქვა, რომ კომპანიის თანამფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა.
„CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?" - თქვა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ თარგმანის მიხედვით.
რადიო თავისუფლება
0
0