„ჩინეთი მკაცრ პროტესტს გამოთქვამს ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც დალაი ლამას, რაიმე საბაბით, ვიზიტების უფლებას მისცემს,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა რეგულარულ პრესკონფერენციაზე.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალჩინოსნები ნიუ-იორკში დალაი ლამას შეხვდნენ და ტიბეტელთა ადამიანის უფლებების მტკიცედ დაცვასთან დაკავშირებით აშშ-ის ვალდებულება დაადასტურეს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელი იყო, რომ 89 წლის დალაი ლამასთან აშშ-ის მაღალჩინოსნების შეხვედრა ჩინეთს შეაშფოთებდა, რომელიც ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერ ლიდერს საშიშ სეპარატისტად მიიჩნევს და ნებისმიერი ქვეყნის ოფიციალური პირების მხრიდან მასთან კონტაქტს ეწინააღმდეგება.
„ჩინეთი აშშ-ის მიმართ მკაცრ პროტესტს გამოთქვამს. არ მივცემთ უფლებას დალაი ლამას, რომ აშშ-ის პოლიტიკურ სეპარატისტულ საქმიანობაში ჩაერთოს“, - განაცხადა მაო ნინგმა.
გასულ თვეში, ჩინეთმა მკაცრად გააპროტესტა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც აიძულებს პეკინს, რომ მეტი ავტონომიის მინიჭებასთან დაკავშირებით ტიბეტის მოთხოვნებზე დავა გადაჭრას. ჩინეთმა პირობა დადო, რომ „მტკიცედ დაიცავს“ ქვეყნის ინტერესებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ტიბეტის საკითხებში ე.წ. სპეციალური კოორდინატორის დანიშვნა შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს".
0
0