26/12/2024
11:31
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთი, ტიბეტის პლატოს აღმოსავლეთით ამბიციური პროექტის - მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული კაშხლის მშენებლობას - იწყებს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ინდოეთსა და ბანგლადეშში მცხოვრებ მილიონობით ადამიანზე.
ჩინეთის Power Construction Corp-ის შეფასებით, კაშხალი, რომელიც მდინარე იარლუნგ ზანგბოს ქვედა დინებაში განთავსდება, ყოველწლიურად 300 მილიარდ კვტ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
როგორც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება, პროექტი დიდ როლს შეასრულებს ჩინეთის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიმართულებით, ასევე ტიბეტში ინჟინერიის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში.
კაშხლის სამშენებლო ხარჯები $34,83 მილიარდს გადააჭარბებს.
ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, პროექტის განხორციელების მიზნით, რამდენ ადამიანს მოუწევს ტიბეტიდან გადასახლება და როგორ იმოქმედებს ის ადგილობრივ ეკოსისტემაზე - ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და მრავალფეროვან პლატოზე. თუმცა, ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, ტიბეტში ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება დიდ გავლენას არ მოახდენს გარემოზე ან ქვედა დინების წყალმომარაგებაზე.
თავის მხრივ, ინდოეთმა და ბანგლადეშმა შეშფოთება გამოხატეს კაშხლის მშენებლობის გამო, რადგან, მათი მტკიცებით, პროექტი პოტენციურად შეცვლის არა მხოლოდ ადგილობრივ ეკოლოგიას, არამედ მდინარის დინების მიმართულებას.
0
0