26/04/2024
11:15
მსოფლიო
26 აპრილს, პეკინში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ამერიკელი კოლეგა, ენტონი ბლინკენი, გააფრთხილა, რომ აშშ-მა ჩინეთის "წითელი ხაზები" არ გადალახოს.
ვანგ იიმ შეხვედრა შეკითხვით გახსნა: „ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა წინსვლის სწორი მიმართულება სტაბილურობით უნდა დაიცვან თუ დაღმასვლას უნდა დაუბრუნდნენ?“
„ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები სტაბილური ხდება, თუმცა ისინი ჯერ კიდევ მოწმდება „უარყოფით კოეფიციენტებზე“. ორივე ქვეყანას შეუძლია ჩაერთოს თანამშრომლობაში ან დაპირისპირებასა და კონფლიქტში, თუნდაც "თავისდაუნებურად", - დასძინა ვანგ იიმ.
ვანგ იიმ განმარტა, რომ ჩინეთის „წითელ ხაზებში“ ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარებას გულისხმობდა და აშშ-ის მოუწოდა, რომ „ამ ზღვრებს არ გადააბიჯოს“.
„[აშშ-ჩინეთის] ურთიერთობები ყველა სახის შეფერხების წინაშე დგას. ჩინეთის განვითარების ლეგიტიმური უფლებები დაუსაბუთებლად შეილახა და ჩვენი ძირითადი ინტერესები გამოწვევების წინაშე დგას,“ - აღნიშნა იიმ.
როგორც BBC-ი წერს, ვანგ იიმ არ დააკონკრეტა გამოწვევები, თუმცა ორ ზესახელმწიფოს შორის რამდენიმე „მგრძნობიარე წერტილი“ არსებობს, როგორებიცაა მათი პოზიციები სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით, ტაივანის მთავრობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების საკითხი. ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად თვლის, რომელიც საბოლოოდ პეკინის კონტროლის ქვეშ იქნება.
გარდა ამისა, პეკინში ბლინკენის ვიზიტი რამდენიმე დღის წინ შეერთებულ შტატებში კანონის მიღებას მოჰყვა, რომლის თაანხმადაც, ჩინეთის საკუთრებაში არსებულმა TikTok-მა პოპულარული ვიდეო აპლიკაცია უნდა გაყიდოს ან ამერიკაში მისი გამოყენება აიკრძალოს. ასევე, კულისებს მიღმა, ამერიკელები პეკინს აფრთხილებენ, შეწყვიტოს რუსეთში ექსპორტი, რაც, მათი თქმით, მოსკოვს იარაღის წარმოებაში ეხმარება. თუმცა, ბლინკენის ვიზიტი, შარშანდელი დიდი დაძაბულობის შემდეგ, კონკურენტ ძალებს შორის დიალოგისა და დიპლომატიისთვის მზადების მნიშვნელოვანი ნაწილია.
აპრილის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თანამშრომლობის გზები განიხილეს, მათ შორის კლიმატის ცვლილებისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები.
0
0