
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთივე წევრმა პარტია დატოვა.
როგორც მათ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები გახდა.
მათი განცხადებით, არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან ათი თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა, ახალმა მენეჯმენტმა ვერ მოახერხა, რომ პარტია გააერთიანებინა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღეს ჭიათურის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთივე წევრმა გადავწყვიტეთ, დავტოვოთ პარტია, იმის გამო, რომ დღეს შეიქმნა ისეთი მძიმე ვითარება და ვერ მოხერხდა ის, რომ პარტია გაერთიანებულიყო, ეს ვერ მოახერხა ახალმა მენეჯერმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იდეას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებოდით და ის იდეა ყველაფრისგან არის დაცლილი, ამიტომ ჯობია, ამ დროს თუ სხვა გზა აღარ რჩება, გაეცალო ვითარებას და უბრალოდ იბრძოლო არსებული რეჟიმისთვის სხვა პლატფორმიდან ან სხვა სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჩიკვილაძემ.
ისინი საკრებულოს დეპუტატები მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას ახალი პლატფორმიდან გააგრძელებენ.
0
0