28/11/2022
13:07
პოლიტიკა
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის ანა წითლიძის შეფასებით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებები უცნაურია მას შემდეგ, რაც მან დემონსტრაციულად დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" 2016 წელს.
"გაკვირვებული ვარ და ძალიან უცნაურია, ჭიაბერაშვილი, რომელმაც 6 წლის წინ დემონსტრაციულად დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" და ნებით თუ უნებლიედ ხელი შეუწყო რუსული ოცნების გაღვივებას, ახლა, როდესაც ის არ წარმოადგენს პარტიის წევრს, რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი. ჭიაბერაშვილი ჯერ მოსულიყო პარტიაში, ეღიარებინა თავისი შეცდომები 2016 წელს, გვესაუბრა პარტიის წევრებთან, მოესმინა მათი აზრი და მერე გაეკეთებინა საჯარო განცხადებები," - აცხადებს ანა წითლიძე.
ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ჭიაბერაშვილის პირად ინიციატივაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ამ პროცესის დისკრედიტაცია არის ყოვლად გაუმართლებელი. პარტიას სჭირდება ლეგიტიმაციის ახალი ხარისხი და შესაბამისად ყველას ძალისხმევა უნდ იყოს მიმართული იქით, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყდეს ეს პრობლემა და დაორგანიზდეს. იმავდროულად, ბატონ ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით, ეს მისი პირადი ინიციატივაა. არც ერთ პოლიტსაბჭოს, რომელიც საჭიროა, რომ ხელმოწერით დადასტურდეს მხარი არ დაუჭერია. შესაბამისად მის გაცხადებულ პირად სურვილზე კომენტარის გაკეთება უმართებულოდ მიმაჩნია," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
0
0