12/07/2023
13:40
საზოგადოება
94 წლის ასაკში ჩეხი მწერალი მილან კუნდერა გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩეხური გამოცემა Nonicky.cz ავრცელებს.
კუნდერა 1929 წელს ბრნოში დაიბადა. 1948 წელს გახდა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრი და პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი თუმცა 1950 წელს ის "ანტიპარტიული მოღვაწეობისთვის" გარიცხეს, როგორც პარტიიდან, ისე უნივერსიტეტიდან. 1952 წელს განაახლა სწავლა და პრაღის მუსიკალური ხელოვნების აკადემია დაამთავრა. მოგვიანებით იქვე გახდა ასისტენტი, შემდეგ პროფესორი, კითხულობდა ლიტერატურათმცოდნეობის ლექციებს კინოს ფაკულტეტზე.
1953 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი, პარალელურად თარგმნიდა ესეებს, დრამატურგიულ ნაწარმოებებს. ცნობადობა მოუტანა მოთხრობების სერიამ სასაცილო სასიყვარულო ისტორიები. 1967 წელს გამოსცა პირველი რომანი ხუმრობა.
1968 წელს აქტიურად მონაწილეობდა პრაღის გაზაფხულის საპროტესტო აქციებში, რის გამოც მისი წიგნები ჩეხოსლოვაკიის ყველა ბიბლიოთეკიდან ამოიღეს. 1970 წელს აიკრძალა კუნდერას ნაწარმოებების დაბეჭდვა.
1975 წელს კუნდერა საფრანგეთში გაიქცა. 1979 წელს ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა. 1981 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მისი ყველაზე ცნობილი წიგნი “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” 1984 წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა. მშობლიურ ენაზე რომანი ერთი წლის შემდეგ ტორონტოში დაიბეჭდა.
ჩეხოსლოვაკიაში რეჟიმის შეცვლის მიუხედავად კუნდერა ცხოვრების ბოლომდე პარიზში ცხოვრობდა და სამშობლოში იშვიათად, მეგობრების სანახავად ჩადიოდა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული წერდა ფრანგულ ენაზე. კუნდერას ჩეხეთის მოქალაქეობა ჩამორთმევიდან 40 წლის შემდეგ, 2019 წელს დაუბრუნეს.
0
0
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
24/12/2024