03/12/2022
11:18
პოლიტიკა
საქართველოში ჩეხეთის საელჩო სოციალური ქსელით გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2 დეკემბერს გამართულ შეხვედრას.
საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერია:
„ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა და უკავშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას, რადგან ელჩი საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით იცნობს და აფასებს.
მხარეებმა განიხილეს ინფორმაციის შემდგომი გაცვლა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები ამოწურულია და ეს თემა შემდგომ განხილვას აღარ იმსახურებს“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მანამდე, ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას უწყებაში დაბარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩის დაბარების მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.
სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ, სამწუხაროდ, მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.
0
0