
ჩემთვის აბსოლუტურად აბსურდის თეატრია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმის მაგივრად, რომ შტურმს იგერიებდეს, ყავას უსხამდა დეპუტატებს, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას უსმენენ.
აღნიშნული განცხადება წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გახარიამ აღნიშნა, რომ 20 ივნისს, პარლამენტის შენობის შტურმისას, მმართველი გუნდის დეპუტატებიდან ზოგიერთს წყალიც მიაწოდა, ზოგს ყავაც დაუსხა, ვინაიდან ისინი ღელავდნენ, თუმცა ვინ იყვნენ ეს დეპუტატები, არ ახსოვს.
თეა წულუკიანის თქმით, საკმაოდ გრძელია „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების სია, ვინც 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტში იმყოფებოდა.
„დავანებოთ ამ გროტესკზე საუბარს თავი, წარმოუდგენელ რაღაცებს ვისმენთ. გარდა ამისა, „ქართული ოცნებიდან“ იმ დეპუტატების სია, ვინც თქვენი აქ ყოფნის დროს შენობაში იმყოფებოდა, არის საკმაოდ ვრცელი და ისინი თავად გაგცემენ პასუხს, ვინ სად იყო და რას აკეთებდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0