„ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მარტივად არ წავა, წინ დიდი ბრძოლები და საშინელი ზაფხული გველის , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.
ელისაშვილის შეფასებით, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებისგან შეურაცხყოფა დიდხანს ითმინეს და ახლა მის დასჯაზე გადავიდნენ.
რაც შეეხება ოპოზიციის წინასაარჩევნო სამოქმედო გეგმას, “მოქალაქეების” ლიდერის განმარტებით, ამ თემაზე ოპოზიციური პარტიის წევრებთან დისკუსიები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მკაფიო წითელი ხაზი არაა და მეტიც, არც საერთო სიაზე იტყვის უარს, თუ ეს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამარცხებაში დაეხმარება.
„სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიციაში მიდის მსჯელობა და გადაჯგუფებები. ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დიდი ხანია აღარ არის მკაფიო წითელი ხაზი, მე ვამბობდი, რომ არც ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნას გამოვრიცხავდი, უბრალოდ აწონ-დაწონა გვჭირდება, რომელი უფრო ეფექტურია „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. რაც უფრო ეფექტურად დაგვამარცხებინებს „ქართულ ოცნებას“, მე იმის მომხრე ვარ. გარკვეული დისკუსიები მიდის და სხვადასხვა ჯგუფის გამსხვილებაზეც მიდის ლაპარაკი. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ - ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არ დარჩეს 5%-ანი ბარიერის მიღმა, რადგან პარტიების ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, გადანაწილდება ძირითადად „ქართულ ოცნებაზე“, - განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
0
0