04/08/2023
11:41
საზოგადოება
სტიქიის ზონიდან, ამ ეტაპზე, ჯამში ორასზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. მათი უმრავლესობა ონში გადაჰყვათ. მოქალაქეებს სხვადასხვა სასტუმროში ანაწილებენ. ისინი გუშინდელ მოვლენებს იხსენებენ.
როგორც უშუალო თვითმხილველები ჰყვებიან, საკუთარი თვალით ნახეს, როგორ წაიღო მიწის მასამ ტურისტული ზონა.
მათი თქმით, ტერიტორია, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სრულიად განადგურებულია. იხსენებენ იმას, თუ რა გზა გაიარეს ევაკუაციამდე.
მათი თქმით, პირველად ადგილობრივი მაშველები დაეხმარნენ, ისინი ცდილობდნენ შედარებით უსაფრთხო ტერიტორიების მოძებნას, ნაწილი თავს ტყეს აფარებდა. ევაკუაცია ეტაპობრივად განხორციელდა. თვითმხილველების თქმით, ნაწილი ისევ რჩება სტიქიის ზონაში და ელოდებიან მათ გადმოყვანას.
"ონში ვიყავით. როგორც დაგვპირდნენ, მოვიდნენ 7 საათზე და გადმოგვიყვანეს. დანარჩენები ელოდებიან, დაახლოებით, 100 კაცია და იმათაც გადმოიყვანენ. ყველა კარგად არის. დაკარგულებზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს," - აცხადებს ერთ-ერთი გადარჩენილი.
"დაახლოებით, შუადღის 4 საათი იყო, უცებ ხმა გავიგე და რომ გავიხედე, ჩემი თვალით ვუყურე, როგორ მოდიოდა ნაძვები და საშინელი ბუღი აუვიდა იქაურობას. გადარჩენილები სადაც არიან, დიდი ყურადღებაა ნამდვილად, საკვებიცაა, სითბოცაა და ელოდებიან, რიგრიგობით გადმოჰყავთ. საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩენილი, დაახლოებით, 50 ადამიანი. რამდენიმე დედა-შვილს ეძებენ, როგორც ვიცი, კოტეჯებში მცხოვრებლებს," - აცხადებს ერთ-ერთი გადარჩენილი.
"წამებში მოხდა ყველაფერი, საერთოდ არ ველოდებოდით. იქაურობა საერთოდ მოწყვეტილია ყველაფერს, სულ წაღებულია ყველაფერი. ბევრი ადამიანია, რომელთანაც კონტაქტზე ვერ გადიან და სულ რამდენია ასეთი, არ ვიცი. ჩვენ მოშორებით ვიყავით, დაახლოებით, 500 მეტრში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, იქიდან. რომ ჩამოწვა, მერე უკვე ზემოთ წავედით. მერე უკვე აბსოლუტურად ყველაფერი წაღებულია, წყალმა წაიღო ყველაფერი. ბავშვები ვისაც ჰყავდა, შესთავაზეს და ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველა წაიყვანეს," - აცხადებს ერთ-ერთი გადარჩენილი.
"ეს ყველაფერი მოხდა ძალიან მოკლე დროში, ისეთნაირად, რომ ვერ მოვასწარით გაანალიზება რა ხდებოდა. ძალიან დიდი ხმაური გავიგონეთ და მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა და გამოვიქეცით. ჩვენ მივხვდით, რომ ძალიან დიდი უბედურება ხდებოდა, კურორტი შოვი აღარ არსებობს,"- აცხადებს ერთ-ერთი გადარჩენილი.
"140 კაცი ვიყავით ერთად და ნაწილ-ნაწილ ყველა გადმოიყვანეს. საშინელი მდგომარეობა იყო, ხმაური წამოვიდა, თითქოს გრუხუნი წამოვიდა, უეცრად დაინგრა მთა და ერთიანად წამოვიდა. დაკარგულები არ იციან სად არიან," - აცხადებს ერთ-ერთი გადარჩენილი.
როგორც ცნობილია, ონის მუნიციპალიტეტში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს, დაახლოებით 35 ადამიანს ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.
0
0