
„ქრონიკა“ CANVAS საქართველოს დირექტორს ესაუბრა, რომელიც არ მალავს, რომ ორგანიზაცია „კმარას“ წევრია. გიორგი მელაძეს უკვირს, რას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური CANVAS-ს.
„სადაც ვმუშაობ, ერთი და იგივე საქმიანობას ვეწევი. ეს არის ცოდნის გავრცელება და ადგილობრივი აქტივისტების დახმარება. ადგილობრივ აქტივისტებს ვეხმარებით, სტრატეგიულად გაიაზრონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მიიღონ გააზრებული, გონივრული გადაწყვეტილებები - როგორ იმოქმედონ ავტორიტარული ან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი რეჟიმების წინააღმდეგ. მიმუშავია როგორც კონსერვატორიის სტუდენტთან, ისე პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტთან“, - აღნიშნა გიორგი მელაძემ.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სერბეთის სამი მოქალაქე გამოკითხეს. არსებული ინფორმაციით, სერბეთის სამივე მოქალაქე ორგანიზაცია CANVAS-ის წევრია.
„კანვასი“ ნახსენებია სუსის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.
0
0