22/01/2025
13:44
საზოგადოება
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მათი თანმხლები პირები უკვე საქართველოში არიან.
"ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ირაკლი ზარქუასთან კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ იქამდე მქონდა მასთან ურთიერთობა. მასთან კომუნიკაცია არაერთხელ მქონდა, მათ შორის იმიტომ, რომ როცა ეს მოვლენები ხდებოდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მეც იმ ქვეყანაში ვიყავი. ჩვენ სატელეფონო საუბრები ამის შემდეგაც გვქონდა - მასთანაც და სხვა ადამიანებთანაც, ვინც ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ. კერძო საუბრის შინაარსს ვერ გეტყვით. ჩემი ინფორმაციით, ისინი, ყველა მათგანი უკვე საქართველოში იმყოფება". - თქვა ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს აბუ დაბის სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, რის შემდეგაც, ისინი საქართველოში დაბრუნდნენ.
როგორც ცნობილია,13 და 14 იანვარს დაპირისპირება მოხდა აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში. მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარის გამო გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
0
0