
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა,რომ ამ საკითხთან მიმართებით მაშინ ხალხმა მას ვერდიქტი გამოუტანა.
„რაც არ უნდა შთაგაგონონ, უიმედობა, ეს მოგონილი პროცესები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საკითხზე ქართველმა ხალხმა ვერდიქტი გამოიტანა. როგორ შეუძლია მოსამართლეს, პროკურორს და სხვას, გამოიტანოს ვერდიქტი იმაზე, რომელზეც მაშინ, ჯერ კიდევ 4,5 - მილიონიანმა საქართველომ ვერდიქტი გამოიტანა. ეს ვერდიქტი იყო ის, რომ ხალხმა ხელახლა ამირჩია საქართველოს პრეზიდენტად და შემდეგ ჩვენ საქართველო დავიცავით რუსეთის აგრესიისგან.
მე, ამ შუშის უკან ვდგავარ იმიტომ, რომ ჩვენ არ ჩავაბარეთ თბილისი, იმიტომ, რომ როდესაც გზა ხსნილი იყო და გვეუბნებოდნენ, ოჯახს ხელი მოკიდე და გაიქეცი შენს არარსებულ ანგარიშებთან შვეიცარიის ბანკში, ჩვენ ვთქვით,რომ ვრჩებით და ამ ჰიბრიდულ და ნამდვილ ომში არ ვიქნებით დამარცხებულები. დღეს, ყველა ახსენებს უკრაინა-საქართველოს მაგალითს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის იმპერიამ ცხვირი წაიტეხა. ის, ახლა, საბოლოოდ დასამარდება ჩვენი, ჩემი უკრაინის ტერიტორიაზე. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩემი გული არის იქ. იქ რომ ვიყო ახლა და თქვენ იცით,ისინი ჩემს გადაცემას ითხოვენ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში მე თვითონ ვიდგებოდი,იმიტომ,რომ ახლა, ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება. ყველაფერი დანარჩენი გაიფანტება,როგორც გუშინდელი ნისლი და საქართველო აუცილებლად იქნება გამარჯვებული, გვიყვარს ეს სიტყვა - აუცილებლად გაბრწყინებული და აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ყველა სიღატაკის, უბედურების გადალახვას, რა თქმა უნდა, აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას, ჩვენ ანაკლიას. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მან დარბაზში მყოფებს, ვინც მხარდასაჭერად მივიდნენ, მადლობა გადაუხადა.
„მე დღეს არავისთან ვაპირებ ჩხუბს, სენსაციებს, მაგრამ დღევანდელი დღიდან ვიმყოფები სრულ შიმშილობის რეჟიმში. ეს არის ჩემი სიცოცხლით შენატანი საქართველოს უკეთეს მომავალ დღეში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღნიშნული განცხადების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო დროშას აკოცა.
0
0