ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები გაურკვეველი რჩება, თუმცა, როგორც მკვლევარები ამბობენ, ნანოპლასტმასის ნაწილაკი კიბოს გამომწვევ 100-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს.
Columbia-სა და Rutgers-ის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევების შედეგად, მეცნიერებმა, ორმაგი ლაზერული მიკროსკოპის დახმარებით, ერთ ლიტრ წყალში ნანოპლასტმასის ნაწილაკების ზუსტი რაოდენობის გამოთვლა მოახერხეს. მათ სამი ბრენდის ბოთლირებული წყლის ნიმუშები აიღეს და აღმოაჩინეს, რომ 1 ლიტრი წყალი 110,000-400,000 ნაწილაკს შეიცავს, რაც თითოეულ წყლის ბოთლზე საშუალოდ 240 000 პლასტმასის ნაწილაკს შეადგენს.
,,პლასტმასის ნაწილაკების 90% იყო არა მიკროპლასტმასის, არამედ ნანოპლასტმასის, რომელიც მიკროპლასტმასის ნაწილაკზე უფრო მცირე ზომისაა და უფრო ტოქსიკურია. აღნიშნული თვისებების გამო, ისინი ადამიანის ორგანიზმში მარტივად აღწევს“, - ნათქვამია კვლევაში.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, მიკროპლასტმასის ნაწილაკის დიამეტრი 5 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ნანოპლასტმასის - 1-100-მდე ან 1000 ნმ-ია [1 სანტიმეტრში 10 მილიონი ნანომეტრია. შედარებისთვის, ადამიანის თმის სისქე 83 მიკრომეტრია]. მკვლევარების აზრით, პლასტმასი თავად ბოთლიდან და წყლის კომპანიების მიერ გამოყენებული ფილტრაციის სისტემიდან ერევა წყალში.
,,ჯერ კიდევ დასადგენია, თუ რა საშიშ გავლენას ახდენს ნანოპლასტმასის ნაწილაკები ადამიანის ჯანმრთელობაზე. მხოლოდ ის ვიცით, რომ ისინი ძუძუმწოვრებისა და ადამიანების ქსოვილებში აღწევს და ამჟამად ვიკვლევთ, თუ როგორ ზემოქმედებენ ისინი უჯრედებზე", - განუცხადა NBC News-ს კვლევის თანაავტორმა ფიბი სტეიპლტონმა.
თუმცა უჯრედებსა და ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებმა აჩვენა, რომ მიკროპლასტმასის ნაწილაკებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე, მათ შორის საჭმლის მომნელებელ, რესპირატორულ, ენდოკრინულ, რეპროდუქციულ და იმუნურ სისტემებზე. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მიკროპლასტმასის ნაწილაკები იწვევს ქიმიურ ტოქსიკურობას, რაც გულისხმობს გარემო ტოქსინების შეწოვას და დაგროვებას, როგორიცაა მძიმე ლითონები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები.
0
0