
ანასეულის ბაზაზე გამართული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ჩაისა და ჩაის პროდუქციის გამოფენა, სადაც ადგილობრივმა მეჩაიეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ჩაის სექტორში არსებული გამოწვევების, განვითარების პერსპექტივებისა და ქართული ჩაის პოპულარიზაციის მნიშვნელობის შესახებ.
„საქართველოსთვის ჩაის კულტურის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ფერმერებთან და მეწარმეებთან, უზრუნველვყოფთ როგორც ნიადაგის კვლევებსა და აგროტექნოლოგიურ რეკომენდაციების გაცემას, ასევე მაღალი ხარისხის სარგავი მასალის წარმოებასა და მიწოდებას. ეს მნიშვნელოვანი საფუძველია ახალი ჩაის პლანტაციების გაშენებისა და დარგის გაძლიერებისთვის. ამასთან, ცენტრი ჩართულია ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში და მუშაობს მცირე მექანიზაციის მიმართულებითაც, რაც თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ჩაის წარმოებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს ანასეულის ბაზაზე არსებული ჩაის სანერგე, ჩაის გადამამუშავებელი ექსპერიმენტული საწარმო, გაეცნენ მიმდინარე საქმიანობასა და დარგში დანერგილ თანამედროვე მიდგომებს.
„გურიას ჩაის კულტურის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს მიმართულება კვლავ ვითარდება. მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ინტერესს ქართული ჩაის მიმართ და ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ჩაის ფარული დეგუსტაციაც, სადაც ტიტესტერებმა წარმოდგენილი ნიმუშები სპეციალური შეფასების სისტემის მიხედვით დააგემოვნეს. მიღებული ქულების საფუძველზე გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომელთაც შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და ჩაის ფერმერები.
21 მაისს, ჩაის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესდა და ჩაის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ მნიშვნელობის წარმოჩენას, ასევე, ჩაის სექტორში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერსა და მდგრადი წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
0
0