13/06/2023
16:34
პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე დღეს მხარეებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო უფლების რეალიზების, ამ მიმართულებით ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.
დღეს გამართულ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა ცესკოში არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული როგორც შშმ პირთა, ისე ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფების საქმიანობაში. გიორგი კალანდარიშვილმა ომბუდსმენს ის სიახლეებიც გააცნო, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველთან. ჩვენ ვისაუბრეთ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე, ასევე მივაწოდე მას ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ, რომელიც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციასა და ცესკოს მხრიდან სათანადო სერვისების შეთავაზებას. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
„ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირების ნების გამოვლენა საარჩევნო უბანზე იყოს გარანტირებული და მათ ეს შეძლონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. მნიშვნელოვანია, გარემო იყოს ადაპტირებული, სადაც ისინი არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობას შეძლებენ. ეს არის ძირითად საკითხი, რომელზეც ჩვენ გვაქვს გადაკვეთა ცესკოსთან და ეს საკითხი განვიხილეთ“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა.
ცესკოს თავმჯდომარისა და ომბუდსმენის შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
0
0