03/02/2022
15:38
პოლიტიკა
როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებმა ცესკოს მიმდინარე წლის 4 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართონ, თუმცა მათ ნაწილს ვალდებულება აქვს 11 თებერვლის ჩათვლით ცესკოს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სიაც წარუდგინოს.
„საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით ცესკოს 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართოს.
პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადება, ცესკოს ასევე 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით უნდა წარუდგინოს. განცხადების მიღებისთანავე, აღნიშნულ პარტიას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში, რის შემდეგაც პარტია ვალდებულია, 11 თებერვლის ჩათვლით ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.
პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, რის შემდეგაც 10 დღის ვადაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, 1405 (მინიმალური ოდენობა) მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარმოადგინოს“,- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, პარტიებმა ცესკოს მიმდინარე წლის 14 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართონ, მათმა ნაწილმა კი ცესკოში 21 თებერვლის ჩათვლით საკრებულოს შუალედურ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარადგინოს.
„საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პარტიამ, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და, პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის, მიმდინარე წლის 14 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართოს ცესკოს განცხადებით.
პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ასევე 14 თებერვლის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადების მიღებისთანავე, ასეთ პარტიას ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს, რის შემდეგაც პარტია ვალდებულია 21 თებერვლის ჩათვლით წარუდგინოს ცესკოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერა.
საინიციატივო ჯგუფმა კი საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით; საინიციატივო ჯგუფს ევალება 202 (მინიმალური ოდენობა) მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
0
0