25/04/2024
12:40
მსოფლიო
Human Rights Watch-ის განცხადებით, 2024 წელს, ბურკინა-ფასოს სამხედროებმა 220-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, სულ მცირე, 56 ბავშვი, მოკლეს. HRW-მა აღნიშნული ინციდენტი ბურკინა-ფასოში, თითქმის ათი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ მკვლელობად შეაფასა. ხელისუფლებას Human Rights Watch-ის მოხსენებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედროები კარდაკარ დადიოდნენ, მოსახლეობას სახლებიდან აძევებდნენ და შემდეგ მათ ცეცხლს უხსნიდნენ. ჯარისკაცები სროდნენ მათაც, ვინც დამალვას ან გაქცევას ცდილობდა.
როგორც BBC-ი წერს, მასობრივი მკვლელობები შურისძიებად ითვლება სამხედროების მხრიდან, რომლებიც სოფლის მცხოვრებლებს შეიარაღებული ისლამისტი მებრძოლების დახმარებაში ადანაშაულებენ. სისხლიანი დაპირისპირება ჩრდილოეთ იატენგას პროვინციაში, ახლომდებარე სამხედრო ბანაკზე ისლამისტი მებრძოლების თავდასხმას მოჰყვა. ბურკინა-ფასოში სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია გრძელდება - ქვეყნის მესამედზე მეტს ჯიჰადისტური დაჯგუფებები აკონტროლებს.
საერთაშორისო და ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები, მათ შორის ევროკავშირი და გაერო, ბურკინა-ფასოს არმიას აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, მათ შორის ათობით მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვასა და იძულებით გადაადგილებაში, ადანაშაულებენ.
0
0
თბილისში 22 წლის ბიჭს ეძებენ
05/05/2024