
კოსოვოსა და სერბეთს შორის ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით მანქანების სანომრე ნიშნების აკრძალვის საკითხზე გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ევროკავშირი მხარეებს შესაძლო ესკალაციისა და ძალადობის შესახებ აფრთხილებს. წერს Reuters-ი.
როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბორელის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროკავშირის ინიციატივა მიიღო, თუმცა მასზე უარი თქვა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ.
"გამჭვირვალობისთვის, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ წარვადგინეთ შეთავაზება, რომელსაც შეეძლო სარისკო სიტუაციის თავიდან აცილება, რომელიც დღეს მიიღო პრეზიდენტმა ვუჩიჩმა და რომელზეც, სამწუხაროდ, უარი თქვა პრემიერ-მინისტრმა კურტიმ“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, აცნობებს ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ორი ქვეყანა უპატივცემულობას იჩენს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მიმართ და აღნიშნა, რომ კოსოვოსა და სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვის გათვალისწინებით, ისინი შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ.
„ჩვენ ვერ ვიქნებით უპასუხისმგებლოები და ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ არსებით საკითხებს. ჩვენ ვერ ვიქცევით სახელმწიფო ლიდერებად, რომლებიც აგვარებენ მხოლოდ მანქანების სანომრე ნიშნების საკითხებს და არ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოხდეს მათი ურთიერთობების ნორმალიზება“, – განაცხადა კურტიმ.
მიმდინარე წლის ზაფხულში კოსოვომ სერბული სანომრე ნიშნების მანქანების შესვლა აკრძალა, რასაც კოსოვოში მცხოვრები სერბების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე – რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0