03/03/2023
17:48
მსოფლიო
ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი და ევროპარლამენტის წევრი, მარკ ტარაბელა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ევა კაილი ახლა, სულ მცირე, ორ თვეს გაატარებს პატიმრობაში, ხოლო მარკ ტარაბელას პატიმრობა, სულ მცირე, ერთი თვით გახანგრძლივდება.
კაილისა და ტარაბელას წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავს კორუფციას, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობას.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.
0
0