
ბრიუსელი კვლავ ყალბი დილემის წინაშე გვაყენებს, თითქოს, უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ამისთვის უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს კავშირში არაა ევროპულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროკომისიიდან მაკა ბოჭორიშვილისადმი გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა, სადაც ისინი ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვენ.
მისივე თქმით, „ბრიუსელი ხელისუფლებას სთხოვს, აღიარონ, რომ დედამიწა არის ბრტყელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაწვავენ“.
„მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. ერთი საკითხი ეხება „ოჯახური ღირებულებების და ბავშვთა უფლებები დაცვის“ კანონს. ამ კანონში მთავარი საკითხი რაც არის, არის ის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი ანუ ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ეს არის სინამდვილეში, რაც არის მოწოდებული ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იგივეა, რომ ბრიუსელს მოეთხოვა გვეღიარებინა, დედამიწა არის ბრტყელი. იმავე განზომილების ცრუ იდეოლოგიაა იმის თქმა, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, როგორც იმის მოთხოვნა, თქვა, რომ დედამიწა არის არა მრგვალი, არამედ არის ბრტყელი.
ევროპაში გვახსოვს პერიოდი, როცა ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, კოცონზე წვავდნენ. სწორედ ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა. რომელიც ითხოვს, რომ ვთქვათ, დედამიწა მრგვალი კი არაა ბრტყელი ან ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. ჯერ ეს უნდა შეაფასოთ იმისთვის, რომ გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე.
მოთხოვნებიდან მეორე საკითხი ეხება გამჭვირვალობას. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, პარტიები, პარტიული მედიები და ა.შ. ეს ყველაფერი დადასტურებულად ვიცით. ზუსტად ეს არ უნდა, როგორც ჩანს, ბრიუსელს, რომ ვიცოდეთ, სად მიდის მათი ფული. ევროპა ვართ მათ შორის, ჩვენ. ბრიუსელი ცდილობს ყალბი ცრუ იდეოლოგიები მოახვიოს თავს სხვა საზოგადოებებს.
ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს. მოვუწოდებთ ამდენი ხანი, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაუბრუნდნენ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის პატივისცემას. დღეს ბრიუსელმა გადაუხვია იმ კალაპოტს, რაზეც დამყარებულია ევროკავშირი. ამის მოწოდებაა, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებს და თქვან, რომ დედამიწა არის მრგვალი და არა ბრტყელი. ბრიუსელი კვლავ ყალბი დილემის წინაშე გვაყენებს და ყალბი დილემა მდგომარეობს შემდეგში, რომ, თითქოს, უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ამისთვის უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. ეს კავშირში არაა ევროპლ ღირებულებებთან.
ასევე, ამ წერილში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულების დარღვევა. დაარღვია 2010 წლის ხელშეკრულება და გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი ბრიუსელის სახით არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც მოთხოვნილია, რომ კომისიას მიეწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია, მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.
0
0