
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ხელმძღვანელობით ქვეყანაში მიმდინარე არეულობების გამო საგანგებო სხდომა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს სხდომის ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, როგორც სხდომიდან გამოსულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, არეულობებში მონაწილე ყველა ადამიანი პასუხისგებაში იქნება მიცემული.
„ჩვენ ვიხილეთ დანაშაულებრივი ძალადობისა და ყაჩაღობის სამარცხვინო სცენები ჩვენს ზოგიერთ ქალაქში. არ არსებობს ასეთი სახის საქციელის გამართლება. პოლიციელებისთვის აგურის სროლა, მეჩეთებზე თავდასხმა, მაღაზიების ძარცვა – ეს იყო აბსოლუტური სამარცხვინო, კრიმინალური საქციელი და ნათლად უნდა ვთქვათ, ანგარიშსწორება იქნება. ეს დამნაშავეები გადაიხდიან ფასს“, - განაცხადა მან.
არეულობა დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს და ადგილობრივ მეჩეთზე თავდასხმა სცადეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი უელსში დაბადებული რუანდელი ემიგრანტების შვილია. მას განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს.
არეულობამ დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქი მოიცვა, მათ შორის როტენჰემი, სადაც ადგილობრივები თავს დაესხნენ სასტუმროს, რომელშიც მიგრანტები ცხოვრობენ. საერთო ჯამში, პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
0
0