
ბრიტანეთის ადგილობრივ აჩევნებში ნაიჯელ ფარაჯის პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ფარაჯის პარტიას საბჭოებში ამ დროისთვის 390 ადგილი აქვს. მეორე და მესამე ადგილებს ლეიბორისტული პარტია და კონსერვატორები იყოფენ, რომლებსაც 253-253 ადგილი აქვთ საბჭოებში.
ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 245 ადგილით. შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან.
„გაერთიანებული სამეფოს რეფორმის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი აცხადებს, რომ მისი პარტიის შედეგები „ბრიტანული პოლიტიკის ჭეშმარიტად ისტორიულ ცვლილებას“ წარმოადგენს.
„ჩვენ შევეჩვიეთ პოლიტიკაზე მემარცხენეებისა და მემარჯვენეების ჭრილში ფიქრს, მაგრამ რეფორმას შეუძლია, გაიმარჯვოს იმ სფეროებში, რომლებიც ყოველთვის კონსერვატიული იყო. ასევე, ჩვენ დიდწილად ვამტკიცებთ, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ იმ სფეროებში, სადაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ლეიბორისტები დომინირებდნენ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. რასაც დღეს მოგვიანებით იხილავთ, არის კონსერვატიული პარტიის განადგურება მათ გულში, როგორიცაა ესექსი“, – აღნიშნა ნაიჯელ ფარაჯმა.
მედიის ცნობით, ლეიბორისტებმა არჩევნებში ასეულობით ადგილი დაკარგეს.
ამასთან, არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელმაც აღნიშნა, რომ შედეგები მტკივნეულია.
„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავკარგეთ ბრწყინვალე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ შესწირეს თავიანთ საზოგადოებას, ძალიან ბევრი რამ შესთავაზეს ჩვენს პარტიას. ეს მტკივნეულია და მტკივნეული უნდა იყოს და მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ჩვენ არაერთი მოწოდება გავაკეთეთ, რომლებიც სწორი იყო ეკონომიკის სტაბილიზაციის, საჯარო სერვისებში ინვესტიციების ჩადების და ირანის ომში ჩარევისგან თავის შეკავების თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ ასევე დავუშვით ზედმეტი შეცდომები. ახლა ჩემი საქმეა, დავადგინო ნაბიჯები, რომლებსაც გადავდგამთ იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებიც ხალხს სურს და იმსახურებს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
ბრიტანული მედიის შეფასებით, შოტლანდიაში, უელსსა და ინგლისის 136 საბჭოში ჩატარებული არჩევნები 2024 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ ყველაზე მასშტაბური არჩევნებია და პრემიერ-მინისტრ სერ კირ სტარმერისთვის მთავარი გამოცდაა. არჩევნები განსაზღვრავს ადგილობრივი საბჭოს დაახლოებით 5 000 ადგილის შემადგენლობას, ინგლისის მასშტაბით მერის რამდენიმე თანამდებობას, ასევე შოტლანდიისა და უელსის პარლამენტების ადგილებს.
0
0