17/12/2021
16:17
მსოფლიო
WWF-Brazil-ის მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიანა ნაპოლიტანო ფერეირამ, განმარტა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ცენტრალურ ბრაზილიაში, 22 000 ცალკეული ხანძარი დაფიქსირდა.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში გაჩენილმა ხანძრებმა მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ჭაობის 30% გაანადგურა. მეცნიერების თქმით, ახალი კვლევა ხაზს უსვამს სამომავლოდ მსგავსი კატასტროფების პრევენციის მნიშვნელობას.
მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ეკოლოგი დოქტორი ალექს ლი (რომელიც ინტენსიურად მუშაობდა ცენტრალურ ბრაზილიაში, მათ შორის პანტანალში) ამბობს, რომ 2020 წელს პანტანალის ჭაობში გაჩენილი ტყის ხანძრები "აპოკალიფსურია".
„ეს ხანძრები უჩვეულო იყო თავიანთი მასშტაბების გამო და აშკარად უკავშირდებოდა მეგაგვალვას, რომელიც [რეგიონს] დაატყდა იმ დროს. პანტანალი ყოველწლიურად ამგვარ მასშტაბურ ხანძარს ვეღარ გაუძლებს, შესაბამისად - ბიომრავალფეროვნება ვეღარ აღდგება,“ -თქვა ალექს ლიმ.
მეცნიერებმა ჭაობის ტერიტორიებზე შეღწევა, ხანძრის შემდეგ, 48 საათში მოახერხეს. ისინი თითოეულ [ნაპოვნ] მკვდარ ცხოველს განსაზღვრული ინტერვალებით იკვლევდნენ. ჯგუფმა აღმოჩენილი ცხოველების 300 სახეობის იდენტიფიცირება შეძლო. შემდეგ, დაღუპულ ცხოველთა საერთო რაოდენობის დასადგენად, მათი ექსტრაპოლაცია მოახდინეს. როგორც კვლევის ხელმძღვანელმა განაცხადა, ბუნებრივი კატასტროფის უზარმაზარი გეოგრაფიული მასშტაბის გათვალისწინებით, მის გუნდს "რიცხვები არ გაკვირვებია".
„დაღუპული გველების უკიდურესად დიდი რაოდენობა კასკადურ ეფექტებზე დაგვაფიქრებს“, - განმარტა მან. "გველები, როგორც წესი, პატარა ძუძუმწოვრებზე, ბაყაყებზე ნადირობენ. ასეთმა ზემოქმედებამ ეკოსისტემაში შესაძლოა წარმოუდგენელი დისბალანსი გამოიწვიოს."
ჭაობები განლაგებულია ბრაზილიის, პარაგვაისა და ბოლივიის მასშტაბით და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ბიომრავალფეროვან ზონას მსოფლიოში. 140,000-160,000 კვ.კმ ფართობზე ათასობით (მათ შორის იაგუარის, ჭიანჭველაჭამიასა და გადამფრენი ფრინველის) სახეობა ცხოვრობს.
WWF-Brazil-ის მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიანა ნაპოლიტანო ფერეირამ, განმარტა, რომ საველე კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება. ”მყისიერი ზემოქმედება უაღრესად შოკისმომგვრელია”, - განუცხადა მან BBC News-ს. ”მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ მოხერხდება ხანძრით დაზარალებული ეკოსისტემის აღდგენა მომავალი კვირების, თვეებისა და წლების განმავლობაში.”
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ტყის ხანძრები, ძირითადად, "ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო შედეგია".
დოქტორმა ფერეირამ პანტანალის ჭაობში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა აღწერა, როგორც "მესიჯი" კაცობრიობისთვის.
”თუ გვინდა, რომ მომავალმა თაობებმა კვლავ გააგრძელონ ცხოვრება ამ სამყაროში, ჩვენ უნდა შევცვალოთ ბუნებასთან ურთიერთობის გზა,” - თქვა WWF-Brazil-ის მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა.
0
0