
ოფიციალური პირების განცხადებით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 44,8 გრადუსი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატის მინას გერაისის ქალაქ არასუაიში, 19 ნოემბერს დაფიქსირდა.
ექსპერტები უპრეცედენტო სიცხეს ელ-ნინიოს ფენომენს და კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. სინოპტიკოსების თქმით, მიმდინარე კვირაში ტემპერატურა, სავარაუდოდ, დაიკლებს.
მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (Inmet) განცხადებით, ტემპერატურის 40 გრადუსამდე მიახლოება მხოლოდ სამი შტატის დედაქალაქშია მოსალოდნელი.
ბრაზილიაში, გაგრილების მიზნით მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება ასევე რეკორდულ დონემდე გაიზარდა.
როგორც ცნობილია, ექსტრემალური ამინდის გამო, ამერიკელმა პოპ მომღერალმა ტეილორ სვიფტმა რიო-დე-ჟანეიროში დაგეგმილი ერთ-ერთი კონცერტი გააუქმა მას შემდეგ, რაც, 17 ნოემბერს კონცერტის დაწყებამდე, მისი ერთ-ერთი ფანი სიცხისგან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
მეცნიერთა აზრით, მსოფლიოს მასშტაბით, ექსტრემალური ამინდი უფროდაუფრო ინტენსიური ხდება და, სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანები ხელს არ შეუწყობენ სათბურის გაზების გამოყოფის შეჩერებას. ამავდროულად, დედამიწა ამჟამად ელ-ნინიოს ამინდის ფაზაშია, რომლის დროსაც გლობალური ტემპერატურა, ჩვეულებრივ, იზრდება.
0
0