
ავსტრიის პარლამენტარების წინაშე ვიდეო ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოროტების მიმართ ნეიტრალური პოზიციის გამოხატვა ამორალურია.
როგორც European Pravda იუწყება, სიტყვით გამოსვლის დროს, ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა პარლამენტარები უკრაინაში მიიწვია, რათა მათ პირადად ნახონ, რა ზარალი მოუტანა რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა უკრაინას.
„ამ მდგომარეობის ადგილზევე დანახვა ნიშნავს ჩვენი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვას - თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდუალური ხმა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის მხარდასაჭერად, როდესაც ეს საკითხები განიხილება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ევროპარლამენტში ან სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბოროტების მიმართ ნეიტრალურად ყოფნა შეუძლებელია. ეს არ ეხება გეოპოლიტიკას... ჩვენ ყოველთვის უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გადავარჩინოთ კაცობრიობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გამო, ასევე ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისა და რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების რეაბილიტაციისთვის.
ცნობისთვის, ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
0
0