
ავსტრიის პარლამენტში, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას, პრორუსული ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და ამით ზელენსკის მიერ ავსტრიის ნეიტრალიტეტის დარღვევა გააპროტესტეს. ამის შესახებ ავსტრიული მედია იუწყება.
„თავისუფლების პარტიამ“ (FPO) რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის საწინააღმდეგოდ რაიმე სახის პროტესტს გამოხატავდა. დეპუტატები სიტყვით გამოსვლის საწყის ეტაპს დაესწრნენ და შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს.
”სამწუხაროა, რომ „თავისუფლების პარტია“ ერთადერთი პარტიაა პარლამენტში, რომელიც სერიოზულად ეკიდება ჩვენს მუდმივ ნეიტრალიტეტს და ამით მხარს უჭერს მშვიდობას,” - თქვა პარტიის ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა.
ოპოზიციურმა დეპუტატებმა თავიანთ სამუშაო მაგიდებზე პატარა პლაკატები დატოვეს, რომელზეც გამოსახული იყო პარტიის ლოგო წარწერებით - „სივრცე ნეიტრალიტეტისთვის“, „სივრცე მშვიდობისთვის“.
გარდა ამისა, პარლამენტის შენობასთან, ზელენსკის წინააღმდეგ საპროტექტო აქციაც გაიმართა.
0
0