
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალისკენ მიმავალ გზაზე, 65 ადამიანით დატვირთული ბორნის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 31 გადარჩა, ხოლო 30 დაკარგულად ითვლება. ბორანი ბალის სრუტეში ჩაიძირა, როდესაც ის ცნობილი საკურორტო კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე პორტისკენ მიემართებოდა.
სამძებრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ბორანი ღუზების აწევიდან დაახლოებით 25 წუთში ჩაიძირა. ბორნის ჩაძირვის გამომწვევი მიზეზი ცუდი ამინდი გახდა.
ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ, რომელიც საუდის არაბეთში ვიზიტით იმყოფებოდა, დაუყოვნებლივი საგანგებო რეაგირების ბრძანება გასცა.
საზღვაო ავარიები ინდონეზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის არქიპელაგში, რომელიც 17 000-მდე კუნძულს მოიცავს, ხშირი მოვლენაა, ნაწილობრივ უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობისა და ზოგჯერ უამინდობის გამო.
0
0