
ცეცხლის ლოკალიზება ამინდზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებთან დაკავშირებით განუცხადა.
„დღეს ავიაციას სამი თვითმფრინავი დაემატა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თურქულ მხარეს, ჩვენს მეგობრებს. ვერტმფრენებმა დილით იმუშავეს, თუმცა ქარი იყო და გაუჭირდათ, რამდენიმე საათი ქარში ვერ იმუშავეს. ავიაციამ მაქსიმალურად, ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგი სახეზეა, ცეცხლის კერებმა შედარებით დაიკლო, მისმა გაფართოების არეალმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება კითხვას, გაიზარდა თუ არა ხანძრის არეალი, მინისტრის თქმით, ის წითელ ზონას არ გასცდენია.
„თუმცა, გუშინ სადაც არ იყო, დღეს იქ ცეცხლი იყო გადასული და ახალ-ახალი კერები იყო. სადაც ფიჭვნარი იყო, უფრო იქ ჩნდებოდა. ბორჯომის ხანძარი გახსოვთ, სადაც ტერიტორია მთლიანად, ყველაფერი იწვებოდა, აქ ასე არ არის. პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. სახანძრო მანქანები მაქსიმალურად გადასროლილია ქვედა მხარეს, აწყურის მიმართულებით, დაბლა სოფელთან. საფრთხე, რომ ცეცხლი მოსახლეობაზე გადავიდეს, საშიშროება არ არსებობს, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი და უბედურება არ ამოვარდა. ცეცხლის ლოკალიზება ამინდზეა დამოკიდებული. თუ ქარი იქნება, ვერტმფრენები ვერ იმუშავებენ“, – აღნიშნა გომელაურმა.
0
0