31/07/2023
16:04
ეკონომიკა
„რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, ბოლო ექვს თვეში რუსეთში სანქციების გვერდით ავლის 502 მილიონი დოლარის ღირებულების ორმაგი დანიშნულების დასავლური კომპანიების წარმოებული მიკროჩიპები შეიტანეს.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ვიორსტკას“ მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს ის სქემები, რომლითაც რუსეთში სანქცირებული პროდუქტები ხვდება.
მათი ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში რუსეთის მთავრობამ განაბაჟა ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული ორმაგი დანიშნულების ჩიპები, რომელთა ღირებულებაც 155 მილიონ დოლარს აღემატება. ეს ჩიპები გამოიყენება რაკეტების წარმოებისთვის. სტატიაში ჩამოთვლილია ისეთი ამერიკელი კომპანიები Analog Devices Inc, Xilinx. Microchip Technology, Texas Instruments.
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთში ანალოგიური ჩიპები კიდევ ასობით კომპანიას შეაქვს.
მათივე ცნობით, რუსეთში ასევე ხვდება სხვა სანქცირებული პროდუქციაც, რომელიც აუცილებლია, რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის. მათ შორის დანადგარები, რომლებიც იტალიაში და გერმანიაშია წარმოებული.
ასევე ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთში შეაქვთ მილიონობით დოლარის ღირებულების, დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები, რომლებიც რუსულ მსხვილ ავიაკომპანიებს ესაჭიროებათ.
გამოძიების მიხედვით, რეექსპორტის მთავარ წერტილებს წარმოადგენს ჩინეთი, ჰონგ კონგი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და თურქეთი. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები – ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი და უზბეკეთი. ხოლო იტალია, გერმანია და ესტონეთი სანქცირებული პროდუქციის რუსეთში მიწოდებას პირდაპირ ახორციელებენ.
საგამოძიებო სტატიაში ნახსენებია საქართველოც. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ბიზნესმენი ამბობს, სომხეთიდან რუსეთში სახმელეთო გზით სანქცირებული პროდუქციის გასატანად, ირჩევენ არა საქართველოს არამედ ირანს, საიდანაც ეს პროდუქცია კასპიის ზღვით ჩააქვთ ასტრახანის პორტში.
„ასეთი რთული მარშრუტი ჩნდება, რადგანაც სომხეთს რუსეთთან საზღვარი არ აქვს. ხოლო საქართველოში სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტთან დაკავშირებით შეიძლება, გაჩნდეს პრობლემები“, – ამბობს გამომძიებელ ჟურნალისტებთან საუბარში კომპანია „რაით ფლოს“ ლოჯისტიკის სპეციალისტი.
გამოძიებაში აღწერილია ის სქემა, რომლითაც სანქცირებული პროდუქცია რუსეთში ხვდება. ის ასე გამოიყურება: მესამე ქვეყნებში არეგისტრირებენ კომპანიას, რომელიც შიდა ბაზარზე საჭირო პროდუქციას გამოისყიდის ან თავად უკვეთავს მას მწარმოებელს და რუსეთში რეექსპორზე გააქვს. ასეთ კომპანიებს არეგისტრირებენ, როგორც რუსები, ისე უცხოელებიც. თუმცა, უცხოელი დამფუძნებლის ვარიანტი უფრო სანდოა, რადგანაც ზოგიერთი მომწოდებლები ამას ყურადღებას აქცევენ.
როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, „ვიორსტიკი“ გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთში შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ჩიპებიდან დაწყებული ტურბორეაქტიული ძრავით დასრულებული. მათივე ცნობით, სქემებში, რომლებიც მესამე ქვეყნებზე გადის, მონაწილეობენ დასავლური კომპანიები, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ევროპულ და ამერიკულ სანქციებს წარმატებით უვლის გვერდს.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024