
აშშ-ის გაერო-ს რეზოლუციიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და რუსეთის მიერ ყირიმისა და სხვ რეგიონების ოკუპაციის დაგმობის ფორმულირების ამოღება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ Kyiv Post-ი ავრცელებს.
Kyiv Post ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, საუბარია რეზოლუციაზე სახელწოდებით „უკრიანის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ“, რომელსაც უკრაინა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად წარადგენს.
დოკუმენტში დადასტურებულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა და საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
გასული წლის დეკემბერში აშშ-მა სხვა 77 ქვეყანასთან ერთად მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციის მიღებას.
როგორც მედია წერს, აშშ ითხოვს, რომ რეზოლუცია წარმოდგენილი იყოს უფრო ფართო ფორმატში სახელწოდებით „ომი უკრაინაში“, „ტერიტორიული მთლიანობის“ და „აგრესიის“ გარეშე. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ევროპული ქვეყნის დიპლომატები ცდილობენ, დაარწმუნონ აშშ შეცვალოს პოზიცია კენჭისყრამდე.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა რეზოლუცია უახლოეს კვირებში უნდა განიხილოს.
0
0