
„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას, დავეხმარებით, სწორ, ეფექტურ მეთოდებს შევთავაზებთ, რომლებიც ნამდვილად აზღვევს კორუფციას, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ფილფანმა „იგლი ჰილსის“ პროექტზე საუბრისას აღნიშნა, პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია.
„მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები შემოდიოდეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, სჯობს, დასავლური ინვესტიცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია.
პრემიერი, რომელიც ამაყობს, რომ მთავრობის ყველა დადგენილებას ასაჯაროვებს და კორუფციას ებძვის, მისი საქმიანობა კი გამჭირვალეა, ამ დროს თბილისის მერად ყავს კალაძე და 6,5 მილიარდიანი ინვესტიციის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, შეთანხმების პირობებსა და სახელმწიფომ რა სარგებელი უნდა მიიღოს ამ ინვესტიციის შედეგად მალავს. მაშინ როდესაც მთავარი აქტივი არის სახელმწიფოს საკუთრება ბოლო და უნიკალური.
რამდენიმე დღის წინ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ემიგრანტი ოჯახის წევრების მიერ საკვებისთვის გამოგზავნილი ყველა თეთრი დაარეგისტრირებინეთ.
ერთი წლის წინ გამჭვირვალობას ითხოვდით ორგანიზაციებისგან და დონორებისგან, იმ თანხების გასაჯაროებას რეგიონებში ზოგან რომ დიალეზის აპარატს მოხმარდა, ზოგან სამაშველო სფეროს და ზოგან განათლებას.
საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან მიწა, რომელიც გადაეცემათ ინვესტორებს სახელმწიფო მნიშვნელობისაა – ერთი სანაპირო ზოლს ეკუთვნის, მეორე კი ტყე-პარკია, თბილისისა და რუსთავისთვის ეკოლოგიური მნიშვნელობის მატარებელი. 2010 წლიდან აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნოდა აკლესიას, 2019 წელს კი სახელმწიფო აქტიურად უწევდა რეკლამირებას კრწანისი ტყე-პარკის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის შექმნას. როგორც აღმოჩნდა სახელმწიფომ უარი თქვა აღნიშნულ პროექტზე და თბილისის მიმდებარედ საუკეთესო ტერიტორიის ბედი გაურკვეველია“, – აღნიშნა ფილფანმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ინვესტიცია ქვეყანაში არის მისასალმებელი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინვესტიციის შედეგები სახელმწიფოსთვის.
„თქვენ გიკვირთ, რატომ ვითხოვთ ჩვენ და მოქალაქეები ინვესტიციის პირობების და ხელშეკრულების გასაჯაროებას, გიკვირთ იმის ფონზე, რომ ყოველდღიურად კორუფციის ბრალდებით აკავებთ საკუთარი რიგებში მყოფ მაღალჩინოსნებს.
„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას – დავეხმარებით. სწორ, ეფექტურ მეთოდებს შევთავაზებთ, რომლებიც ნამდვილად აზღვევს კორუფციას. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ: ასობით მილიონი ლარის გათეთრების საქმეზე კორუფციულ კვალს მალავენ და ეროვნულ ინსტიტუტებში ასეთი მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემების დაშლის ნაცვლად კობახიძე- კალაძის დაჯგუფება კორუფციას სკოლის მასწავლებლებში ებრძვის.
ყველაფერი თუ სახელმწიფოს სასარგებლოდაა, კორუფციასთან არ გვაქვს საქმე და ამ ინვესტიციით იმ ტერიტორიის საპირწონე სარგებელს მიიღებს სახელმწიფო, მოგიწოდებთ, პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა პროექტის განხორციელებაზეა საუბარი, რა არის ხელშეკრულების პირობები, ფასი, ვადები, სარგებელი ყველა მხარისთვის, შეგახსენებთ, რომ ტერიტორიები, რომელზეც ვსაუბრობთ თითოეული მოქალაქის საკუთრებაა, სწორედ ეს გვაძლევს აქ კითხვების დასმის უფლებას და უფლებას გავიგოთ რა სარგებელს მიიღებს სახელმწიფო?“, – განაცხადა ფილფანმა.
0
0