
ოქტომბერში გამართული სატელეფონო საუბრის დროს ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინი „ბადეში გაბმულ ლომს“ შეადარა, საკუთარი თავი კი „თაგვს“, რომელიც მის დახსნას ცდილობს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
გამოცემის ცნობით, 2025 წლის 17 ოქტომბერს სატელეფონო საუბრისას ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ „მზად არის, ყველა ღონე გაიღოს“ მის დასახმარებლად.
ამასთან, „ბლუმბერგი“ სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორბანმა კრემლის ლიდერი მეგობრობაში დაარწმუნა და უკრაინაში ომის „მოგვარებაში“ დახმარება შესთავაზა.
„გუშინ ჩვენმა მეგობრობამ იმდენად მაღალ დონეს მიაღწია, რომ შემიძლია, ნებისმიერი გზით დაგეხმაროთ. თქვენს სამსახურში ვარ ნებისმიერ საკითხში, სადაც შემიძლია დახმარება“, – „ბლუმბერგის“ ცნობით, განუცხადა ორბანმა პუტინს სატელეფონო საუბრის დროს.
როგორც გამოცემა წერს, ორბანმა გაიხსენა საბავშვო ზღაპარი, რომელიც, მისი თქმით, პოპულარულია უნგრეთში. იგავი მოგვითხრობს თაგვის შესახებ, რომელიც ბადეში გაბმულ ლომს ათავისუფლებს მას შემდეგ, რაც ლომმა ადრე მღრღნელი შეიწყალა. „ბლუმბერგის“ ცნობით, ამის მოსმენის შემდეგ პუტინს გაეცინა.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, სატელეფონო საუბრის დიდი ნაწილი ვიქტორ ორბანმა და ვლადიმერ პუტინმა კომპლიმენტების გაცვლას დაუთმეს, კომპლიმენტები თქვეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართებითაც.
„ბლუმბერგი“ ასევე წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოთქვა, რომ მას და პუტინს არ შეეძლოთ რეგულარულად პირადად შეხვედრა, როგორც ეს „კოვიდ-19“-ის პანდემიამდე იყო.
გამოცემის ცნობით, პუტინმა აღფრთოვანება გამოხატა უნგრეთის „დამოუკიდებელი და მოქნილი“ პოზიციისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ გვესმის, რატომ იწვევს ასეთი დაბალანსებული, ზომიერი პოზიცია მხოლოდ წინააღმდეგობებს“, – განაცხადა პუტინმა.
0
0