
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი მიქაძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
სასამართლო პროცესს არ ესწრება დანარჩენი ორი ბრალდებულიც, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე, ვინაიდან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და მათზე ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება გიორგი მიქაძეს, როგორც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაცხადა, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ „მიქაძემ დღევანდელ სხდომაზე მობრძანება არ ინება".
ძმებ მიქაძეების ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის განმარტებით, ბრალდებულმა სასამართლოზე გამოცხადებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ბოლო რამდენიმე პროცესია, „სასამართლოს გარეთ პროცესები ესკალიზებულია".
ამ წუთებში სასამართლოში „თბილისი თაუერსის" ადმინისტრატორი აძლევს ჩვენებას.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
0
0