13/12/2022
23:02
სხვადასხვა
ლოურენს-ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის (LLNL) აალების ეროვნულ მოწყობილობაში, მეცნიერებმა ბირთვული სინთეზიდან ენერგიის მიღებით ეპოქალური მნიშვნელობის ისტორია შექმნეს. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა ამ წარმატებას „დიდი სამეცნიერო გარღვევა“ უწოდა.
მეცნიერები ატომის ბირთვების შერწყმის რეაქციას ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ სინთეზის რეაქციებით შესაძლებელი გახდება თითქმის უსაზღვრო რაოდენობის ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიის წარმოქმნა, რომელიც ჩაანაცვლებს წიაღისეულ საწვავს და ენერგიის სხვა გავრცელებულ წყაროებს.
„ქვანახშირისგან განსხვავებით, საჭიროა მხოლოდ მცირე რაოდენობის წყალბადი, რომელიც ყველაზე უხვად მოიპოვება სამყაროში. წყალბადს შეიცავს წყალი, ამიტომ ის, რაც ამ ენერგიას გამოიმუშავებს, შეუზღუდავი და სუფთაა“, - განუცხადა CNN-ს Carbon Direct-ის წამყვანმა მეცნიერმა და ლოურენს-ლივერმორის ყოფილმა მთავარმა ენერგეტიკოსმა, ჰულიო ფრიდმანმა.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განმარტებით, ბირთვული სინთეზი წყალბადის ატომებს ერთმანეთს ისეთი ძალით აჭერს, რომ ისინი ერთიანდებიან და ჰელიუმს წარმოქმნიან, რომლის დროსაც დიდი რაოდენობის ენერგია და სითბო გამოიყოფა, თუმცა არ წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები. როგორც ცნობილია, ბირთვული ჩხირების დნობა (თუმცა იშვიათია, მაგრამ თუ ეს ისტორიის განმავლობაში მაინც მოხდება) ფართომასშტაბიანი კატასტროფული შედეგებით სრულდება, როგორიც, მაგალითად, ფუკუშიმასა და ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის აფეთქება იყო.
ბირთვული სინთეზის წარმოქმნის ორი ძირითადი გზა არსებობს, რომლებსაც ერთნაირი შედეგი აქვს. ორი ატომის შერწყმა წარმოქმნის უზარმაზარი რაოდენობის სითბოს, რაც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის აუცილებელია. წარმოქმნილი სითბო შეიძლება გამოიყენებოდეს წყლის გასაცხელებლად, ორთქლის მისაღებად და ტურბინებით ენერგიის გამომუშავებისთვის.
მეცნიერების განმარტებით, სუფთა ენერგიის დადებითი ბალანსის მიღწევა სინთეზის რეაქციას ითვალისწინებს და არა ენერგიის იმ მთლიან რაოდენობას, რაც ლაზერებისა და პროექტის მოქმედებისთვის დაიხარჯა. მათი თქმით, სინთეზი ღირებული იქნება, თუ ამ გზით, დიდი ხნის განმავლობაში, გაცილებით მეტი ენერგია წარმოიქმნება.
”ამჟამად, დიდი რაოდენობის დროსა და ფულს ვხარჯავთ ყოველი ექსპერიმენტის ჩატარებისთვის. ჩვენ უნდა შევამციროთ ბირთვული სინთეზიდან ენერგიის მისაღებად საჭირო დანახარჯები ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი კომერციულად მომგებიანი გამოყენება”, - თქვა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერმა, ჯერემი ჩიტენდენმა.
ექსპერტები ამბობენ, რომ „ბირთვული სინთეზის საშუალებით მიღებული ენერგიით სახლებისა და ბიზნესის მომარაგებამდე ჯერ ალბათ მრავალი წელი გვაშორებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მეცნიერული მიღწევის მნიშვნელობა უზარმაზარია.“
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სინთეზის ენერგიის სისტემების ხელმისაწვდომობა, რომლითაც კლიმატის ცვლილებასაც შევებრძოლებით და ენერგოუსაფრთხოებასაც გავაუმჯობესებთ“, — თქვა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლაზმის მეცნიერებისა და სინთეზის ცენტრის დირექტორმა, დენის ვაიტმა.
აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში ბირთვული სინთეზის სფეროში რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც წყალბადი პლაზმად (ელექტრულად დამუხტული აირის სახით) გარდაიქმნება და შემდეგ მას გიგანტური მაგნიტებით აკონტროლებენ. ამ მეთოდს საფრანგეთის საერთაშორისო ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის მეშვეობით იკვლევენ 35 სხვა ქვეყანასთან (მათ შორის, მთავარი მონაწილეებია - ჩინეთი, აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, ინდოეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა) თანამშრომლობით. პროექტს International Thermonuclear Experimental Reactor-ი ჰქვია.
0
0