
Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის განცხადებით, მისი ქონების უმეტესი ნაწილი მომდევნო 20 წლის განმავლობაში აფრიკაში ჯანდაცვისა და განათლების სერვისების გაუმჯობესებას მოხმარდება.
ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში სიტყვით გამოსვლისას 69 წლის ბიზნესმენმა განაცხადა, რომ „ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესებით და ადამიანური პოტენციალის გამოვლენით, აფრიკის ყველა ქვეყანა კეთილდღეობის გზას უნდა დაადგეს“. მან ასევე მოუწოდა აფრიკის ახალგაზრდა ინოვატორებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი (AI) კონტინენტზე ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.
გეითსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ 2045 წლისთვის, როდესაც მისი ფონდი საქმიანობის დასრულებას გეგმავს, თავისი ქონების 99%-ს [$200 მილიარდი] გასცემდა.
„ცოტა ხნის წინ, პირობა დავდე, რომ ჩემს ქონებას მომდევნო 20 წლის განმავლობაში გავაჩუქებდი. ამ დაფინანსების უმეტესი ნაწილი აფრიკაში არსებული გამოწვევების გადაჭრას მოხმარდება. ჩემი ფონდი, რომელსაც აფრიკაში მოღვაწეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. ვიცით, რომ დედის ჯანმრთელობისა და კარგი კვებისთვის ხელშეწყობა ორსულობამდე და ორსულობის პერიოდშიც კი ყველაზე ძლიერ შედეგებს იძლევა. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ბავშვისთვის სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფაც დიდ განსხვავებას ქმნის“, - განაცხადა გეითსმა ,,აფრიკის კავშირის’’ (AU) შტაბ-ბინაში გამოსვლისას.
როგორც ცნობილია, აშშ-ის მთავრობამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის ფარგლებში, აფრიკისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, მათ შორის, აივ/შიდსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროგრამები შეამცირა, რამაც შეშფოთება გამოიწვია კონტინენტზე ჯანდაცვის მომავლის შესახებ.
ახალგაზრდა ინოვატორებისადმი მიწერილ მიმართვაში ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერმა აღნიშნა, რომ აფრიკაში, მობილურმა ტელეფონებმა საბანკო მიმართულებით რევოლუცია მოახდინა და განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი ახლა კონტინენტის სასარგებლოდ უნდა იყოს გამოყენებული. გეითსმა მაგალითად რუანდა მოიყვანა და თქვა, რომ ქვეყანა, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ულტრაბგერითი გამოკვლევით, მაღალი რისკის მქონე ორსულობების გამოსავლენად უკვე აუმჯობესებს მომსახურებას.
გეითსის ფონდმა განაცხადა, რომ მას სამი პრიორიტეტი ჰქონდა: დედებისა და ჩვილების სიკვდილიანობის მინიმალიზება, მომავალი თაობის სასიკვდილო ინფექციური დაავადებებისგან დაცვა და მილიონობით ადამიანის სიღარიბიდან გამოყვანა.
„20 წლის შემდეგ ფონდი თავის საქმიანობას შეწყვეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0