
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ივანიშვილის კუთვნილი, დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს.
როგორც ადვოკატი წერს, სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო და აშკარა გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მისი პოზიციის სისწორე, ხოლო მეორეს მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.
„სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულების შემდგომ, მსურს საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ გავაკეთო განმარტებები გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე. ამასთან, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რომ წერილი საკმაოდ ვრცელი გამოვიდა. თუმცა, ჩემი მხრიდან ეს შეგნებულად გაკეთდა, რათა დეტალურად განმემარტა საქმის გარემოებები და აღნიშნული განმარტებები მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები ყოფილიყო ნებისმიერი მკითხველისთვის, მათ შორის იურიდიული თუ ეკონომიკური/ფინანსური განათლების არმქონე საზოგადოების წევრებისათვის.
ერთის მხრივ, სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო და აშკარა გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მისი პოზიციის სისწორე, ხოლო მეორეს მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო სტადიაზე საქმის განხილვის ანალიზის დროს, პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მისი ზოგიერთი პოზიციის დიამეტრულ ცვლილებაზე (იმასთან შედარებით, რაც მას გააჩნდა გამოძიებისა და საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის ეტაპზე), რითაც იგი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან.
ბაჩიაშვილის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ თითქოსდა მის მიერ ბიტკოინების მაინინგის დაფინანსების მიზნით მიღებული კრედიტის დაფარვის შემდგომ, მან ბანკის ადმინისტრატორს ნაღდი ფულის სახით დამატებით გადასცა ის სარგებელი/ინტერესი, რაც მასთან შეათანხმა კრედიტის გაცემის დროს. აღნიშნულს ასაბუთებდა მის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ე.წ კალკულაციით (რომელშიც დეტალურად განმარტავდა თანხების დაანგარიშების წესსა და შესაბამისად, ოდენობას) და ასევე, მის მიერ წარმოდგენილ, არაავთენტურ აუდიო ჩანაწერზე მითითებით. მისი აზრით, დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერით დგინდებოდა, რომ დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა (საზოგადოებისათვის თვალსაჩინოდ განვმარტეთ და ცნობილია, რომ არავითარ თანხმობას დაზარალებულის მხრიდან არ მოიცავს აღნიშნული აუდიო ჩანაწერი) მას კრედიტის გაცემაზე ბანკისათვის გარკვეული სარგებლის გადაცემის სანაცვლოდ. რეალურად, მის მიერ ბანკის მენეჯერისათვის გადაცემული თანხა, მენეჯერისთვის ფულადი სახსრების გადაცემისას, მან დააკვალიფიცირა, როგორც გარიგების დასრულების შემდგომ დარჩენილი მოგება, რომელიც ეკუთვნოდა დაზარალებულ ბიძინა ივანიშვილს. თითქოსდა, კრედიტის მომსახურების შემდგომ მეტი არაფერი დარჩა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის მიმართ დაიწყო გამოძიება, მან გადააკვალიფიცირა ეს თანხა, როგორც დამატებითი სარგებელი ბანკის მიერ კრედიტის გაცემის სანაცვლოდ. თუმცა, არც ეს არის მთავარი.
სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილის დაკითხვისას (რაც დაცვის მხარემ მოითხოვა), კითხვაზე, კრედიტის დაფარვის შემდგომ გადასცა თუ არა მან ვინმეს ნაღდი ფული, ჰქონდა თუ არა მას საუბარი ბანკის წარმომადგენელთან ბანკისათვის დამატებით სარგებელზე, მან უპასუხა რომ არა, მას არავისთან ჰქონია მსგავსი შეთანხმება და შესაბამისად, არც არავისთვის გადაუცია ნაღდი თანხა! მას შემდეგ კი, რაც მისთვის შეთავაზებულ იქნა მისივე წარდგენილი დოკუმენტების/კალკულაციის დამატებითი გამოკვლევა, მისი ჩვენებების/გამოკითხვის ოქმების ციტირება, კატეგორიული უარი განაცხადა როგორც დოკუმენტების გამოკვლევაზე, ასევე მის მიერ გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებებისა თუ განმარტებების ციტირებაზე. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარში იგი მათ შორის ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჩვენებების გამოქვეყნებაზე. სააპელაციო განხილვის ეტაპზე კი, ფაქტობრივად უარყო როგორც სააპელაციო სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა, ასევე მანამდე მიცემული მისი შესაბამისი ჩვენებები თუ განმარტებები. აღნიშნული ქმედებით, იგი წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან, მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
ამ ვითარებაში ცხადია, რომ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას და წარმოადგენს სიცრუეს“,-წერს ადვოკატი.
ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, ხოლო, აღნიშნული გარემოებების საპირწონედ კი მათი გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განხილულ იქნა სააპელაციო ეტაპზე, შეეხება მსჯავრდებული ბაჩიაშვილის აღიარებას, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი საერთოდ შეიძლება ის განხილულ იქნეს ინვესტორად ბიტკოინის მაინინგის გარიგებაში, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ 1 305 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რომლის მობილიზაცია მან მოახდინა და არა 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში, რაც იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია მაინინგის კონტრაქტში.
კერძოდ, 2016 წელს ერთ-ერთ კრიპტობირჟასთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნაწარმოებ მიმოწერაში, მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მან დააფინანსა ქართული ბიტკოინის მაინინგის სტარტაპი (ანუ ახალი, გამოცდილების არმქონე კომპანია), ხოლო მისი მონაწილეობის ოდენობა/მოცულობა იყო 1 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში. აქ პირდაპირ საუბარია კომპანიაზე, რომელმაც ასევე მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია საბანკო კრედიტის გაცემის გზით, 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ანუ პირდაპირ აღიარებს მსჯავრდებული ოფიციალურ მიმოწერაში, რაც უკავშირდებოდა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურებს (,,AML/KYC პროცედურა“) იმას, რასაც ამტკიცებს დაზარალებული მხარე, რომ ბაჩიაშვილი არ წარმოადგენს ინვესტორს 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში.
ბაჩიაშვილი შეეცადა, რომ აღნიშნული გაემართლებინა იმით, რომ სტარტაპ კომპანია ცალკე იურიდიული პირია, ხოლო მიმოწერაში მხოლოდ საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებით ახდენდა თურმე კომუნიკაციას კრიპტობირჟის წარმომადგენელთან. აღნიშნული ტყუილიც ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან საქმეში, მათ შორის, ინახება სხვა მტკიცებულება, 2017 წლის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნაწარმოები მიმოწერა (ანუ მას შემდეგ, რაც 2016 წელს უკვე დაადასტურა მსჯავრდებულმა მისი მონაწილეობის მოცულობა მაინინგის გარიგებაში) იგივე კრიპტობირჟასთან, სადაც ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ მას არ გაუმიჯნავს მისი პირადი და კომპანიის ფინანსები და ის და კომპანია უნდა განიხილონ ,,როგორც ერთი“, ფინანსების წყაროს თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ და არაორაზროვნად ადასტურებენ (თანაც ამას აკეთებს თავად ბაჩიაშვილი) იმ ფაქტს, რომ ბანკიდან სესხის სახით გაცემული 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში ინვესტორი იყო ბიძინა ივანიშვილი.
ვფიქრობ, რომ ზემომითითებული გარემოებები აბსოლუტურად საკმარისია საზოგადოებისათვის, რომ სწორი წარმოდგენა შეექმნას სადავო საკითხებთან დაკავშირებით და დარწმუნდეს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას. აღნიშნული გარემოებების საპირწონე, მათი გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია. ამიტომ, რთულ ვითარებაში მყოფი, მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არმქონე ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე. წ დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე. ასევე, ეყრდნობა თითქოსდა ,,მორალურ საფუძვლებს“ (კაცი, რომელიც კრედიტის სათხოვნელად მიდის სხვა ადამიანთან და ამ საუბარს იწერს!) იმის სამტკიცებლად, რომ მას კრედიტი ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილისგან და რომ ამჟამად ,,ისჯება“ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ ,,სერიიდან“ არის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან უარი განაცხადა ანტიდასავლურ რიტორიკაზე, მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს და თურმე ამის გამო ისჯება. ასევე, განცხადებები თითქოს მის მიერ წარმოდგენილმა ,,გერმანულმა დასკვნამ“ აუდიო ჩანაწერის შესახებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაუცემლობამ, დაადასტურა მისი პოზიციების სისწორე.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დეტალურად განვუმარტეთ რეალურად არსებული ვითარება ზემოაღნიშნულ საკითხებზე, კიდევ ერთხელ მოკლედ შევეხები მსჯავრდებული ბაჩიაშვილის ამ ე.წ არგუმენტებს“,-წერს ადვოკატი.
გარდა ამისა, ადვოკატი, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის იმ განცხადებაზე საუბრობს, სადაც ბაჩიაშვილი აღნიშნავს, „რომ უარი თქვა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა“. ადვოკატის თქმით, აბსურდია ბაჩიაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა მას მოსთხოვა ანტიდასავლური რიტორიკის წარმოება.
„ამის დამადასტურებელი არაფერი არ აქვს წარმოდგენილი ბაჩიაშვილს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, ამგვარ განცხადებას არ აქვს სამართლებრივი დატვირთვა, იგი შესაძლოა მსჯავრდებულის მიერ განიხილებოდეს ერთგვარ ,,სტრატეგიულ“ სვლად, როდესაც მთავარია რომ გაჟღერდეს გარკვეული დეზინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი დონის მანიპულაციასთან გვაქვს საქმე) და საბოლოოდ ხელი შეუწყოს დამნაშავის მიზნების მიღწევას (ანუ სახეზე გვაქვს მხოლოდ ,,შიშველი პიარი“, რომელსაც სჭირდება საინფორმაციო მხარდაჭერა გავრცელებისათვის). მტკიცებულების არარსებობას რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის, როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც არავინ არ იცნობდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, რომელსაც არ გააჩნია არც აკადემიური ცოდნა პოლიტიკის მიმართულებით და არც პრაქტიკული გამოცდილება, ვინმეს გამოეყენებინა გარკვეული პოლიტიკური აგიტაციისათვის? გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაჩიაშვილის ,,ტაქტიკა“ მუდმივ განახლებას ექვემდებარებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს უბადრუკი პოზიციაც შემდგომ იქნა მის მიერ ,,შემოგდებული“ საქმეში.
ასეთივე უბადრუკი ტყუილია, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპათიებისა თუ მხარდაჭერის გამო ხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. ადრეც განვმარტე საზოგადოებისათვის, რომ ბაჩიაშვილი არასოდეს დაინტერესებულა პოლიტიკით და არ გამოუხატავს მისი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური შინაარსის ერთ შეკრებასაც კი არ დასწრებია, ვიდრე ეს ჩათვალა აუცილებლად იმისთვის, რომ რამენაირად მოეხდინა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაცია. აქედან აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის ,,თანაგრძნობა“ ვინმეს ან რამის მიმართ არის ფასადური, მხოლოდ მისი პირადი ინტერესებით გამოწვეული მოვლენა. ვერავინ ნახა და არც ბაჩიაშვილს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გამოძიების დაწყებამდე, მან რაიმე პოლიტიკურად აქტიური ქმედება განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს ,,სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან“, რომელსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს“,-წერს ადვოკატი.
ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ სიცრუეა ისიც, რომ თითქოსდა ბაჩიაშვილი ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს.
„როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ დროს ,,სენსაციური“ და ,,ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც კი, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა (ნაღდი ფულის ბანკის ადმინისტრატორისათვის გადაცემა), რის დადასტურებასაც ამ ჩანაწერის მეშვეობით ცდილობდა.
არაავთენტური/დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდანაც კი (რომელზეც ზემოქმედების კვალი ვერ გამორიცხა ,,გერმანულმა ექსპერტიზამ“, ვერც მისი შექმნის დრო დაადგინა და ვერც მონაწილე პირთა რაოდენობა) ვლინდება შემდეგი:
1) ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული; 2) ბაჩიაშვილს უარს ეუბნება ბანკი კრედიტის გაცემაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ უნდა განხილულიყო მისთვის არაუზრუნველყოფილი კრედიტის გაცემა, უკიდურესად სარისკო საქმიანობისათვის; 3) ბიძინა ივანიშვილისათვის მიუღებელია, რომ ბანკის ადმინისტრატორს უბრძანოს სხვა პირისათვის კრედიტის გაცემა; 4) არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ბანკი ქართუს აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე გარანტად დასდგომოდა მესამე პირს (ანუ მოეხდინა "ქართუ ბანკში" სხვა პირის კრედიტის უზრუნველყოფა, საკუთარი ან მისი ოჯახის წევრის გარდა). იმ პირობებში, რომ საქმეში არსებული პირდაპირი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კრედიტის უზრუნველყოფა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა პირადი ფულადი სახსრებით, აუდიოჩანაწერში ასახული მისი ეს განმარტება პირდაპირ გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილი იყო ინვესტორი "ბანკი ქართუდან" გაცემული თანხების ნაწილში; 5) ბაჩიაშვილს უკვე გადახდილი აქვს გარკვეული თანხა ბიტკოინების მაინინგის (გამომუშავების) კონტრაქტში, მაშინ როდესაც არ აქვს თანხმობა კრედიტის მიღებაზე. ამ ნაწილში საგულისხმოა სააპელაციო განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ მაინინგის განმახორციელებელი კომპანიის ინტერესი იყო წინსწრებით სრულად მიეღო მაინინგის კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა (6 305 000 აშშ დოლარი) ანუ ბიტკოინების გამომუშავებას არ დალოდებოდა და საბითუმო ფასად მოეხდინა სხვისთვის მაინინგი. აღნიშნული პირდაპირ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ინვესტიციის არგანხორციელების შემთხვევაში, მაინინგის კონტრაქტი/გარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა (რადგან არ შეივსებოდა სრულად სახელშეკრულებო თანხა) და ამის საწინააღმდეგო მსჯელობა მცდარია; 6) მაინინგის კონტრაქტში თანხის ნაწილის გადახდაზე აქცენტის გაკეთებით, ბაჩიაშვილი ცდილობს ბიძინა ივანიშვილისაგან უპირობო თანხმობის მიღებას კრედიტის მისთვის გაცემაზე, აწოდებს მას მცდარ ინფორმაციას, თითქოსდა ბიტკოინების მაინინგში ფულის ინვესტირება იგივეა, რაც მყარი ფასიანი ქაღალდის შეძენა, ხოლო მისი პირადი თანხებით წილობრივი მონაწილეობა წარმოადგენს ერთგვარ უზრუნველყოფას, რაც ცხადია რომ აბსურდია; 7) ბრალდებულის მცდელობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს რაიმე თანხმობას თუ პირობას ბაჩიაშვილს მისთვის კრედიტის გაცემაზე. საკითხის ხელახალი გავლის მიზნით, ბიძინა ივანიშვილი ამისამართებს ბაჩიაშვილს ბანკის დირექტორთან.
ფაქტობრივად, ეს არის დამონტაჟებული აუდიოჩანაწერის სრული შინაარსი და წარმოუდგენელია, რომ ობიექტურმა შემფასებელმა ეს შეაფასოს, როგორც ბაჩიაშვილის ინვესტორობის დასტური.
საგულისხმოა ბაჩიაშვილის მიერ სააპელაციო განხილვისას დაფიქსირებული პასუხი კითხვაზე, თუ რა მოხდებოდა ,,დეფოლტის“ (მაინინგის გარიგების წარუმატებლობის) შემთხვევაში. გამოძიების ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ,,რამეს იზამდა“, ხოლო ამ შემთხვევაში მან პირდაპირ განმარტა, რომ მძიმე შედეგის პირობებში რისკი იქნებოდა ბანკის (ესეც პირდაპირი აღიარებაა, რომ რისკის მატარებელი არ იყო თავად) მხარეს და თან მაგალითად მოიყვანა იპოთეკური კრედიტები, რაც აბსურდია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იპოთეკური კრედიტი უზრუნველყოფილია მინიმუმ შესაძენი უძრავი ნივთით, ხოლო რიგ შემთხვევებში, შესაძლოა დეფოლტის დადგომისას იძულებითი აღსრულება მიექცეს არა მხოლოდ შეძენილ უძრავ ნივთს, არამედ მოვალის სხვა ქონებას.
ბაჩიაშვილის ლოგიკით გამოდის, რომ თუკი მაინინგის გარიგება წარმატებული იქნებოდა, მადლობას მოიხდიდა, წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ბოდიში მოეხადა არაგონივრული პროექტისთვის და ამით ამოიწურებოდა მისი პასუხისმგებლობა. ამოიწურებოდა იმიტომ, რომ როგორ არაერთხელ განვმარტე, იგი არ მონაწილეობდა არც სესხის ამღები კომპანიის სტრუქტურაში (მხოლოდ 2017 წელს გამოჩნდა, კრედიტის დაფარვიდან ერთი წლის შემდეგ), არც ინვესტიციისთვის საჭირო ფული მოუტანია, არც უზრუნველყოფა წარმოუდგენია კრედიტზე და არც არანაირი რისკები არ აუღია საკუთარ თავზე დეფოლტის შემთხვევაში. ეს არის არსებითი საკითხი იმისათვის, რომ დადგინდეს, ვინ იყო რეალურად ინვესტორი 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში. საზოგადოებისათვის კი უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ინვესტიციისათვის თანხის გამოყოფა კრედიტის ფორმით, ამ კრედიტის უზრუნველყოფა და სრული მოცულობით რისკის აღება განახორციელა დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა.
ამიტომაც, უსუსური პოზიციის გათვალისწინებით, დაცვის მხარემ/მსჯავრდებულმა არსებითი და მნიშვნელოვანი კითხვის დასმაც კი ვერ მოახერხა დაზარალებულის დაკითხვის პროცედურის დროს და დაანონსებული რამდენიმე საათიანი პროცედურა, რამდენიმე წუთში დაასრულა. ამასთან, თავის მხრივ, დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა სრულად და ამომწურავად უპასუხა ყველა დასმულ კითხვას, მათ შორის ისეთ კითხვებს, რომლებიც არ იყო შემხებლობაში განსახილველ საქმესთან. როგორც ეს წინა წერილში აღვნიშნე, საინტერესოა, ოდესმე მოახდენს თუ არა ბრალდებული დაზარალებულის დაკითხვის ჩანაწერის საჯაროდ და სრულად გამოქვეყნებას-ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით, რადგან კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება, რომ ის ცრუობს.
აქვე მსურს, კიდევ ერთხელ შევეხო გამოძიების პროცესში, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეკუთვნოდა უზრუნველყოფის გარეშე კრედიტი დაზარალებულის ბანკიდან. ისევე როგორც განცხადებები ანტიდასავლური რიტორიკის განუხორციელებლობისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი დევნის შესახებ, აღნიშნული განმარტებებიც არ ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებას, არამედ წარმოადგენს დეზინფორმაციის საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. გამოძიების ეტაპზე განმარტებების მიცემის პროცესში, ბაჩიაშვილი შეეცადა საკითხი წარმოეჩინა იმგვარად, რომ თითქოს მას როგორც მორალურად, ასევე თურმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკის შესაბამისად, ეკუთვნოდა უზრუნველყოფის გარეშე კრედიტი. უზრუნველყოფის გარეშე კრედიტის მიღების ე. წ საფუძვლად გიორგი ბაჩიაშვილმა მიუთითა სამი მიზეზი. კერძოდ: ა) თითქოს მას ჰქონდა დაბალი, ბანკის საშუალო რგოლის მენეჯერის შესაბამისი ანაზღაურება; ბ) თითქოს ბიძინა ივანიშვილისათვის ასრულებდა საიდუმლო/სარისკო დავალებებს; გ) თითქოს ბიძინა ივანიშვილს დამკვიდრებული ჰქონდა არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები უზრუნველყოფის გარეშე იღებდნენ საბანკო კრედიტებს. არცერთი ზემოაღნიშნული ე.წ საფუძველი არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, საქმის მასალებითაც დასტურდება საპირისპირო.
თანაინვესტირების ფონდში, ბაჩიაშვილი წარმოადგენდა მენეჯერს, რომლის ხელფასი რამდენიმეჯერ აღემატებოდა მაგალითად "ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორის ხელფასს. უფრო მეტიც, მას გააჩნდა ყველაზე მაღალი ხელფასი, რაც იმ პერიოდში ჰქონდათ წამყვანი ფინანსური დაწესებულებების ტოპ-მენეჯერებს საქართველოში. ამასთან, უშუალოდ ხელფასის გარდა, იღებდა დამატებით ანაზღაურებას/ბონუსებს, რაც ცხადყოფს ბაჩიაშვილის ამ მსჯელობის უსაფუძვლობას.
სიცრუეა ისიც, რომ თითქოსდა ბაჩიაშვილი ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს. ერთის მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა, ვინაიდან დაზარალებულის საქმიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა ღია, გამჭვირვალე ბიზნესს. მეორეს მხრივ კი, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მხოლოდ მის საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი. ამიტომ სიცრუე და აბსურდია რაღაც საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი მისი მხრიდან. ცხადია, არც რაიმე დავალება დაუსახელებია ასეთი ბაჩიაშვილს და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია საქმის განხილვის პროცესში.
კიდევ ერთი ცრუ გარემოება, რომელზეც აპელირებს ბაჩიაშვილი, არის თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები უზრუნველყოფის გარეშე იღებდნენ საბანკო კრედიტებს. აღნიშნული ტყუილიც გამოვლინდა გამოძიების პროცესში, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დაახლოებით ოც წლიან (თუ მეტი არა) პერიოდში არცერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად, შემდგომში უზრუნველყოფილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონებით.
ვიმედოვნებ, წინამდებარე წერილი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახებს, არა მარტო სააპელაციო განხილვის ეტაპზე მსჯავრდადებული ბაჩიაშვილის მხრიდან გავრცელებულ სიცრუეს, ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს, არამედ დავასთან დაკავშირებით სრულ სურათს”,- წერს ადვოკატი.
0
0