
დღეს მოხდა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირის იდენტიფიცირება და მათი მიბარება მიწას. ეს მომენტი გვახსენებს, რა ვიწრო არის ზღვარი მშვიდობასა და ომს შორს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ამ ზღვართან ძალიან ახლოს იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში, თუმცა მოქალაქეების მხარდაჭერით, სიბრძნითა და საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცით, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა.
„დღეს მოხდა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირის იდენტიფიცირება და მათი მიბარება მიწას, მათი ოჯახებისთვის გლოვისთვის შესაძლებლობის მიცემა. ეს ერთი მხრივ, არის მწუხრის მომენტი, როდესაც ოჯახებს კიდევ ერთხელ ეხსნებათ ის იარა, რომელიც ოჯახის წევრების დაკარგვასთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, ეს არის სიხარულის მომენტი, როდესაც ეძლევათ შესაძლებლობა, რომ დაიტირონ საკუთარი, რამდენიმე ათწლეულის წინ დაკარგული ოჯახის წევრები. ჩვენ დღეს კვლავ გვყავს 2 000-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალქო პირი, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების დროს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა, დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები.
ამავე დროს, ეს ის მომენტებია, როცა ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც სამი ათეული წლის წინათ გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. ამავე დროს, გვახსენებს, რა ვიწრო არის ზღვარი მშვიდობასა და ომს შორს. ამას ჩვენ განსაკუთრებით ბოლო სამი წელი ვაკვირდებით რეგიონში. ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ტრიალებს, ვხედავთ ახალ მგლოვიარე ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებასაც ესმის, რომ ამ ზღვართან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ბოლო სამი წლის განმავლობაში. ბევრს უნდოდა, ჩვენთვის ებიძგა, ეს ზღვარი გადაგველახა და ჩვენი ქვეყანა კვლავ მგლოვიარე ქვეყანად ქცეულიყო, მაგრამ საზოგადოება დადგა მტკიცედ, არ ავყევით არავის ყალბ, ცრუ მოწოდებებს.
ვნახეთ მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფი ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც სამი წლის წინ, აი ამ დღეებში მოითხოვდნენ, რომ მოხალისეების გაგზავნით, იარაღის მიწოდებით, საზღვრების ჩაკეტვით და ა.შ. საქართველო პირდაპირ თავით გაქანებულიყო ხელახალ ომში და აქ ყოფილიყო მეორე უკრაინა. ვხედავთ, რომ ეს მარგინალური ჯგუფი დღესაც თავს ახვევს თავის დღის წესრიგს საზოგადოებას ისევ და ისევ თავისი უცხოელი პატრონების დავალენით, რომლებიც მაშინც ვხედავდით, როგორ შეხმატკბილებულად და სინქრონში მოქმედებდნენ. სამი წლის წინ, ცალკე პარლამენტთან იმართებოდა აქციები მოხალისეების გაგზავნის, საზღვრების დაკეტვის, იარაღის გაგზავნის, სანქციების დაწესების მოთხოვნით და ა.შ. იმავე მომენტში ვხედავდით, ხან უკრაინის პრეზიდენტი ერთვებოდა და ახალისებდა ზუსტად ამას, რომ გავქანებულიყავით თავით კონფლიქტში, ხან უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ მთავრობასთან და მოეთხოვათ მათთვის მოხალისეების გაგზავნა, ხან ღია საუბრებში, ხან დახურულ კაბინეტებში საუბარში. ამას გადაურჩა საქართველო სამი წლის წინ და ეს პროცესი მიმდინარე პროცესი იყო სამი წლის განმავლობაში. დღეს ვხედავთ, არის იმედები, რომ მშვიდობა დადგება უკრაინაში, თუმცა ბოლო სამი წელი იყო ყოველდღიური ჭიდილი ომსა და მშვიდობას შორის და ბევრს უნდოდა, რომ ეს ზღვარი გადაგველახა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, სიბრძნითა და საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცით, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0