
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.
„ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის ხუთი კუბური მეტრი სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა“, – აღნიშნულია სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში.
„სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება. მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელებისთვის დამატებით გათვალისწინებულია სააგენტოს ტექნოლოგიური გადაიარაღება თანამედროვე საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
0
0