
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა, ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, მისი თქმით, შემდეგ სასამართლო სხდომაზე თავის პოზიციას დააფიქსირებს.
„ბრალდებულმა ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა შემდეგ სხდომაზე, რა თქმა უნდა, თავის პოზიციას დააფიქსირებს. შემდეგ სასამართლო სხდომაზე დავაფიქსირებთ პოზიციას“,- აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებული ივანე ტყეშელაშვილი პოლიციელის შვილია, ადვოკატი პასუხობს, რომ „არც მოქმედი პოლიციელის შვილია და არც ყოფილის“.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
0
0