ამერიკელი სუპერმოდელი დები ბელა და ჯიჯი ჰადიდები პალესტინელი ხალხის დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გაიღებენ. BBC-ის ინფორმაციით, თანხა თანაბარი რაოდენობით გადაეცემა ოთხ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებიც ღაზაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და ოჯახების დახმარებაზეა ორიენტირებული.
ჰადიდებისგან შემოწირულობებს მიიღებს Heal Palestine, Palestine Children's Relief Fund, World Central Kitchen და გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო. აღნიშნული ორგანიზაციების ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს დევნილი ოჯახებითვის სასურსათო და სამედიცინო პროგრამებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას.
როგორც ცნობილია, ჰადიდების მამა - უძრავი ქონების მაგნატი მოჰამედ ანვარ ჰადიდი - წარმოშობით პალესტინელია. სუპერმოდელი დები პალესტინელ ხალხს მრავალი წელია, საჯაროდ უჭერენ მხარს. 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ჯიჯი ჰადიდმა ინსტაგრამზე განცხადებაც გაავრცელა: „ვუთანაგრძნობ ყველა პალესტინელს, ვინც ამ გაუმართლებელი ტრაგედიით დაზარალდა. ამ კონფლიქტის გამო ყოველდღე უდანაშაულო ადამიანი იღუპება, რომელთაგან ძალიან ბევრი ბავშვია.“
0
0