
რუსეთი აგრძელებს მილიარდების გამომუშავებას დასავლეთში წიაღისეული საწვავის ექსპორტით, რის წყალობითაც მას უკრაინაში ომის დაფინანსება შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანალიტიკოსებმა დაითვალეს, რომ სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა ნახშირწყალბადების ექსპორტით სამჯერ მეტი გამოიმუშავა, ვიდრე უკრაინამ მიიღო დახმარების სახით მოკავშირეებისგან, ხოლო თავად მოკავშირეებმა რუსეთს მის წიაღისეულ საწვავში იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე კიევს დახმარება გაუწიეს.
აღნიშნულია, რომ ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გადამწყვეტია რუსეთის სამხედრო მანქანის მხარდასაჭერად. სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 883 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო, მათ შორის 228 მილიარდი ევრო იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი - 209 მილიარდი ევრო - ევროკავშირის ქვეყნებიდან შევიდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის იანვარში შეწყდა რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, ის ევროპაში თურქეთის გავლით სულ უფრო დიდი მოცულობით შედის. CREA-ს მონაცემებით, მისი მიწოდება 2025 წლის იანვარ-თებერვალში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.77%-ით გაიზარდა.
მასალაში აღნიშნულია, რომ ევროპის უამრავი ქვეყნის მთავრობებს არ სურთ რუსეთისთვის ნავთობის მოპოვებისა და გაყიდვის შესაძლებლობების რეალური შეზღუდვა, რადგან ეშინიათ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე შედეგების, კერძოდ კი ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის. თუმცა, აქტივისტებისა და ექსპერტების აზრით, დასავლეთის მთავრობებს აქვთ ინსტრუმენტები და საშუალებები, რათა შეაჩერონ კრემლის ნავთობგაზის შემოსავლების ნაკადი.
0
0