10/05/2023
21:28
სამართალი
65 წლის ედუარდ აბრამიანი, რომლის კუთვნილ ატრაქციონზე ორი თვის წინ ბათუმში ბავშვი დაიღუპა, პატიმრობაში რჩება.
10 მაისს სასამართლოს სხდომაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო. მოსამართლემ ადვოკატის არგუმენტები არ მიიღო.
„გამოძიება დასრულებულია და ყველა მტკიცებულება მოპოვებულია. მისი პიროვნული მახასიათებლები გაითვალისწინეთ, მას უმწიკვლო რეპუტაცია აქვს, ასაკოვანია, ასევე, ოჯახური მდგომარეობა აქვს საგულისხმო - მეუღლეს მძიმე დაავადება აქვს და იტარებს ქიმიოთერაპიას. ჩვენი შუამდგომლობაა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება", - მიმართა ბრალდებულის ადვოკატმა ილია ლომიამ მოსამართლეს.
თუმცა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.
პროკურორი თორნიკე გოგეშვილის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიება დასრულებულია ედუარდ აბრამიანის ბრალდების საქმეზე, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ატრაქციონზე ბავშვის დაღუპვის საქმეზე სხვა პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ.
გამოძიების ვერსიით, 12 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბათუმის ახალ ბულვარში ამოვარდნილმა ქარმა საბავშვო ბატუტი მოგლიჯა და რამდენიმე ათეული მეტრით გადააგდო.
ბატუტზე მყოფი 9 წლის ბიჭი თავის არეში მიღებული ტრავმით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
13 მარტს შსს-მ დააკავა ატრაქციონის მფლობელი ედუარდ აბრამიანი. რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
0
0