27/07/2023
21:01
საზოგადოება
ბათუმის პორტში მოქალაქეების სტვენითა და შეძახილებით აცილებენ პორტში სოჭიდან თურქეთის გავლით შესულ საკრუიზო ლაინერს, რომელმაც საზღვაო კურორტზე ტურისტები ერთი დღით ჩაიყვანა.
ათობით ადამიანი ახლა ელოდება როდის დატოვებს ბათუმს გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.
"Русский корабль, иди на...й" - მოქალაქეთა ნაწილს ამ შინაარსის პლაკატები უჭირავს ხელში.
აქციაზე ხალხს მისვლისკენ მოუწოდებდნენ პარტიების "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, თუმცა პორტში შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეებიც.
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება 22 ივლისს დაიწყო. ბათუმის პორტში გემი დღეს დილით შევიდა.
საკრუიზო ლაინერის ბათუმში ჩამოსვლას საია გამოეხმაურა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ლაინერის მგზავრების მხრიდან დარღვეული იყოს “ოკუპაციის შესახებ” კანონი.
ამასთან, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, გემის შემოსვლა საქართველოს წყლებში კომერციული ხასიათისაა.
0
0